თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე და დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად გამოცხადდა.
„დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევნით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენ სწორ გზას. ევროპა და კულტურა ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ და საბოლოოდ ჩვენ ჩვენს დიდი ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა", - განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება მეორე ტურის გამართვას, ამის ალბათობას ექს-პრემიერი ნაკლებად უშვებს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ გამორიცხავს მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას.
გიორგი მარგველაშვილმა ხმა „ყველას პრეზიდენტს“ მისცა>>>
„მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის. თუ მეორე ტური იქნება, მეორე ტურში არავითარი კითხვის ნიშანი არაა. აუცილებლად 100% -ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტარდება, რომელშიც 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებულია. საქართველოს მოქალაქეებს უკანასკნელად ეძლევათ შანსი თავად აირჩიონ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური, გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ პირველად არ წამოაყენა საკუთარი კანდიდატი.
საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.
არჩევნების მიმდინარეობას 73 ადგილობრივი და საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21,8 ათასი დამკვირვებელი, ასევე 58 საერთაშორისო ორგანიზაციების 1 მილიონზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება.