ბათუმში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზაზა სარალიძეს ბრალს, სავარაუდოდ, კვირას წარუდგენენ
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში მიმდინარეობს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ საკუთარი შვილის მკვლელის დადგენისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით აქციები 10 სექტემბრიდან განაახლა. პარასკევს სარალიძე პოლიციელებზე ჯოხით თავდასხმისთვის დააკავეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა. სარალიძეს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"იმოქმედე დღეს სიმართლისთვის" — ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე

როგორც  ევროპის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ,  სარალიძე არის სისტემის მსხვერპლი.

ორგანიზატორებმა დაფაც გამოიტანეს, სადაც გამვლელებს საკუთარი აზრის დაწერის საშუალება აქვთ.

„სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს, როდესაც უკანონობას სთესავს, იმ უკანონობის მსხვერპლი თვითონაც შეიძლება გახდეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ასლან ჭანიძემ.

ზაზა სარალიძე შსს-დან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს >>

ინციდენტის შემდეგ ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. კლინიკაში მკურნალობს ასევე პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ზაზა სარალიძე თავს დაესხა. მას ტვინის შერყევა აღენიშნება.

როგორც ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.