თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობას მოუწოდა ოქტომბერში გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ, რადგან სწორედ ეს თვე ითვლება ვაქცინაციისთვის ყველაზე კარგ პერიოდად.
ვაქცინაცია უფასოა ადამიანებისთვის, რომლებიც რისკის ჯგუფში შედიან - ასაკოვანი ადამიანები, ორსულები, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, С ჰეპატიტით დაავადებულები, აივ-ინფიცირებულები და დიალიზზე მყოფი პირები.
გრიპის ვირუსი საქართველოს უახლოვდება>>>
სერგეენკოს სიტყვებით, მალე გამოცხადდება ერთი დღე, როცა ვაქცინაცია ყველასთვის უფასო იქნება.
„2013 წლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფისმა შემოიღო გრიპზე ცნობიერების ამაღლების კვირეული და ამ კვირაში სწორედ ეს კვირეულია. საუბარია სეზონურ გრიპზე, რომელიც ყოველ წელს მეორდება და არა გრიპის ეპიდემიებზე, რომელიც, საბედნიეროდ არ გვემუქრება", – განაცხადა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე.
წელს სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო 40,9 ათასზე მეტი ვაქცინა შეიძინა. ქვეყანაში შემოტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ჰოლანდიური ვაქცინა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი აფთიაქებში შეძენა. პრეპარატის ღირებულება 30 ლარია.
ქართველი მედიკოსების განცხადებით, ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული, უსაფრთხოა და გამოცდილი.
სპეციალისტების აზრით, გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. იგი 50-60%-ით ამცირებს ინფიცირების რისკს.
გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია გრიპის სეზონის წინ, ყოველ წელს, ექიმის რეკომენდაციით. უკვე ავადმყოფობის დროს კი აცრა არ შეიძლება.