ივანიშვილმა საქართველოს თეიმურაზ II-ის ისტორიული პორტრეტი დაუბრუნა

საქართველოს XVIII საუკუნის შუა წლების ნახატი აუქციონზე ამერიკულმა ონლაინ-გალერეამ 1Stdibs გამოიტანა.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მეფის თეიმურაზ II-ის პორტრეტი, რომელიც მის სიცოცხლეში, 1761 წელს შესრულდა, საქართველოს მილიარდერის, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დახმარებით დაუბრუნდა.

როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის ხელოვნების სასახლის ექსპერტებს სურათის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები ჰქონდათ ცნობილ ონლაინ-გალერეა 1Stdibs-თან.

„ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია დაუკავშირდა ფონდ „ქართუს", რომელმაც სრული – ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის შესაძენად. რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ, საბოლოოდ, უნიკალური პორტრეტი „ქართუ" ფონდმა 38,400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, თეიმურაზ მეფის პორტრეტის სამშობლოში დაბრუნებას ერთგვარი სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან თავად მეფე, რომელიც 1761 წელს პეტერბურგში გაემგზავრა, რათა აღმოსავლეთ საქართველოს ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა მიეღო, და ეს მხარდაჭერა ვერ იპოვა, უკანა გზაზე გარდაიცვალა. ის ასტრახანში დაკრძალეს.

„მას შემდეგ საქართველო არაერთხელ შეეცადა გვირგვინოსნის სამშობლოში გადმოსვენებას, მაგრამ ეს ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. ამდენად, პორტრეტის სამშობლოში დაბრუნება, განსაკუთრებულ ისტორიულ მოვლენასთან ერთად, სიმბოლურიცაა", – აღნიშნავენ სამინისტროში.

უნიკალური ტილო სამშობლოს უვნებელი დაუბრუნდა. მეფის პორტრეტის ნახვა შესაძლებელია 25 და 26 ოქტომბერს ხელოვნების სასახლეში (კარგარეთელის 6). შესვლა უფასოა.

პორტრეტის ისტორია

უნიკალურია ამ პორტრეტის შექმნის ისტორია. ამაზე ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თეიმურაზ II 1761 წელს რუსეთში ჩავიდა მოლაპარაკებისთვის. მეფე მიიღო რუსეთის იმპერატრიცამ ელიზავეტა პეტროვნამ, რომელიც იმდენად მოიხიბლა ქართველი მეფის ეგზოტიკური გარეგნობით, რომ საიმპერიო კარის ყველაზე ცნობილ მხტვარს ალექსეი ანტროპოვს დაავალა მეფის პორტრეტის დახატვა. როგორც ირკვევა, მეფეს საიმპერატორო კარზე სტუმრობისას აღმოსავლური ტიპის ოქროთი გაფორმებული სამოსი ეცვა. აღსანიშნავია რომ 1761 წელს თეიმურაზი ეწვია რუსეთის სამხატვრო და მეცნიერებათა აკადემიას, სადაც მათ მეფეს დიდი ზარზეიმით გადასცეს ამ ტილოდან გაკეთებული გრავიურა. ექსპონატის მარჯვენა კუთხეში წერია, რომ ნამუშევრის გრავირება მოხდა ალექსანდრე ანტროპოვის პორტრეტის მიხედვით ოსტატების ვინოგრადოვისა და ეფიმოვის მიერ. მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა თვითონ ანაბეჭდი, რომლისგანაც ეს გრავიურა გაკეთდა. რუსეთის მუზეუმებში ამ გრავიურის რამდენიმე ეგზემპლარი ინახება.

ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის კიდევ ერთი ტილო შეიძინა

ორიგინალური პორტრეტი კი აქამდე დაკარგულად მიიჩნეოდა. 2018 წლის ოქტომბერში გალერეა 1Stdibs-მა აუქციონზე გამოიტანა პორტრეტი, რომლის ყველა დეტალი გრავიურის იდენტური აღმოჩნდა.

არის მსოფლიოში აღიარებული ორი ექსპერტის სენდი მალეტის და ფაბიო მაზოჩინის დასკვნა, რომლის მიხედვით, სურათი 1760 წელთან ახლო პერიოდით თარიღდება. შედეგად, თბილისის ხელოვნების სასახლის ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ საქმე გვაქვს უნიკალურ აღმოჩენასთან – ალექსეი ანტროპოვის მიერ შექმნილ ქართველი მეფის თეიმურაზის ორიგინალურ პორტრეტთან, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა.

საქართველოში ქართველი მეფეების მათივე სიცოცხლეში შექმნილი პორტრეტების ძალზე მცირე რაოდენობაა. ესაა ვახტანგ VI-ის, ერეკლე II-ის, გიორგი ХII-ისა და ახლა უკვე თეიმურაზ II-ის პორტრეტი.

ქართული მემკვიდრეობის ნიმუშების დაბრუნებაში ფონდ „ქართუს" დიდი წვლილი აქვს შეტანილი. 2015-2016 წლებში ივანიშვილის ფონდმა საქართველოს დაუბრუნა დიდი ფიროსმანის ორი ნახატი. ფონდი ასევე აქტიურად მონაწილეობს საქართველოში ისტორიული ძეგლების რესტავრაციის პროცესში.