ხუთი წლის შვილის ცემა: დედა გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

დედას მცირეწლოვან შვილებთან მიახლოება აუკრძალეს
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ახალციხეში დედა მცირეწლოვანი შვილის ცემის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

37 წლის ქალს ორი შვილი – ხუთი წლის ბიჭი და ოთხი წლის გოგონა ჰყავს. ის უფროსი შვილის ცემის გამო 21 სექტემბერს დააკავეს.

დედა ირწმუნებოდა, რომ მას ბავშვი არ უცემია და ის მხოლოდ კუთხეში დაყენებით დასაჯა. ახალგაზრდა ქალის თქმით, მის ხუთი წლის ბიჭს ბაღში სიარული არ უყვარს და ამის გამო ხშირად ტირის. პატარამ  იმ დღესაც ბევრი იტირა და დედას ამის გამო მისი ბაღიდან გამოყვანა ადრე მოუხდა. დედამ 5 წლის შვილი სწორედ ამისა გამო დასაჯა.

ოთხი წლის ბავშვის ცემა ბათუმის ბაღში: შსს-მ გამოძიება დაიწყო

მეზობლების მტკიცებით, ბავშვის ტირილის ხმა მათ ხშირად ესმოდათ. გამონაკლისი არც 21 სექტემბერი ყოფილა. მათი თქმით, ქალმა შვილი იმ დღესაც სცემა. მეზობლებმა კი 112–ში დარეკეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მალე ოჯახში პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც მივიდნენ. მათ დედა, ორ მცირეწლოვანთან ერთად  ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხუთი წლის ბიჭს  ჩალურჯებები აღმოაჩნდა. ორივე ბავშვი სოციალური მომსახურების სააგენტომ წაიყვანა, 37 წლის ქალი კი შვილის ცემის ბრალდებით დააკავეს.

ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ იმსჯელა და გირაო 3 000 ლარი შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ ქალი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 1000 ლარითაც დააჯარიმა. დედას შვილებთან ერთი თვით შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.

ბავშვის დასჯა, ქვა თაროზე და ასტრიდ ლინდგრენის სიტყვა, რომელმაც კანონი შეცვალა

ქალმა თავის მხრივ ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსი ლევან ტორუა და პოლიციის სხვა თანამშრომლები სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მომხდარს გენერალური ინსპექცია იკვლევს.

რაც შეეხება ბავშვების მამას, ის მომხდარის შესახებ არ საუბრობს.

სასამართლო ხუთი წლის ბიჭის ცემის საქმის არსებით განხილვას 18 ნოემბრიდან დაიწყებს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ასევე, დაბრუნდებიან თუ არა ბავშვები დედასთან