ბავშვის, მშობლისა და მასწავლებლის სამკუთხედი – თუ თქვენ კლასში განსაკუთრებული მოსწავლეა

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი – ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ანა ჯუღელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში მასწავლებლისა და მშობლის როლზე საუბრობს.
Sputnik

სკოლაში ტიპიური განვითარების ბავშვებთან ერთად სწავლობენ ის მოსწავლეებიც, რომლებსაც გარკვეული სირთულეები აქვთ. ეს ბავშვები არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონენი (სსსმ). სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს ბავშვი, რომელსაც აქვს რაიმე კონკრეტული დიაგნოზი, სირთულეები სწავლაში ან, პირიქით, ე.წ. ნიჭიერი ბავშვი, რომელიც თავის ასაკს უსწრებს განვითარების დონით. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ შემთხვევაში აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა როგორც ზოგადად სკოლის, ასევე მასწავლებლის და მშობლის მხრიდან.

როგორ მოვიქცეთ ვირუსული დაავადებების დროს: ექიმის რეკომენდაციები

ტერმინი „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება“ გულისხმობს სწავლის სირთულეებს ან შეზღუდულ შესაძლებლობას, რომელსაც მოსწავლე აწყდება სწავლის პროცესში და რომლის დაძლევაც მას სპეციალური დახმარების გარეშე უჭირს.

სსსმ ბავშვი შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

- ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

- სხვადასხვა სახის სენსორული (სმენის და/ან მხედველობის) და ფიზიკური დეფიციტი, თუ ის ზეგავლენას ახდენენ სასწავლო პროცესზე;

- მეტყველების განვითარების დარღვევა;

- ქცევითი და ემოციური დარღვევა;

- გრძელვადიანი მკურნალობის/ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

21-ე საუკუნის „გათანამედროვებული“ შიშები - დროა განაახლოთ ცნობიერება

- სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

მოსწავლეს, რომელსაც გააჩნია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, სირთულეები ექმნება და დახმარება სჭირდება შემდეგ სფეროებში:

- წერა-კითხვა, ანგარიში;

- ინფორმაციის გადამუშავება;

- საკუთარი აზრის და შეხედულებების გამოხატვა, სხვების აზრის გაგება;

- საშინაო და საკლასო დავალებების შესრულება;

- ქცევა;

- ურთიერთობა თანატოლებთან და პედაგოგებთან;

- მოწესრიგებულობა;

სკოლისთვის მზადება და ადაპტაცია – მშობლის, ბავშვისა და მასწავლებლის სამკუთხედი

სსსმ მოსწავლეებისთვის სკოლასთან ადაპტაციის პროცესი შედარებით გახანგრძლივებულია, ამიტომ მათთან კიდევ უფრო მეტადაა საჭირო გარემოსგან მხარდაჭერის გამოხტვა.

სწავლის დაწყებისას სსსმ მოსწავლეთა შესაძლებლობების იდენტიფიცირება ხდება საგნის მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლის მიერ. ისინი განსაზღვრავენ მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ადგენენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომელიც მორგებულია მოსწავლის უნარებსა და შესაძლებლობებზე.

მასწავლებლის მხრიდან აუცილებელია:

- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე მიიღოს, როგორც კლასის სრულფასოვანი წევრი;

- სწავლაში წარუმატებლობა ხშირად იწვევს ბავშვის თვითშეფასების დაქვეითებას; მასწავლებელმა კლასში უნდა შეამზადოს ნიადაგი სსსმ მოსწავლისთვის. მუდმივად უნდა აკვირდებოდეს და არეგულირებდეს კლასში მიმდინარე პროცესებს, მხარდამჭერი უნდა იყოს სსსმ მოსწავლისთვის, ყურადღებით იყოს დანარჩენი მოსწავლეების კომენტარების მიმართ, აძლევდეს შენიშვნას და უხსნიდეს, რისთვის იყო ესა თუ ის კონკრეტული შენიშვნა გამიზნული.

როგორი თამაშები უნდა ითამაშონ ჩვენმა შვილებმა – ეს უნდა იცოდეთ

- ხელი შეუწყოს სსსმ მოსწავლის ინტეგრაციას კლასში, სოციალური უნარების განვითარებას (დამეგობრება, პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა და ა.შ.);

- მიჰყვეს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში გაწერილ მიზნებს და იზრუნოს ბავშვის აკადემიური უნარების განვითარებაზე;

- გარდა აკადემიური უნარების განვითარებაზე მუშაობისა, აუცილებელია მოსწავლის ფსიქო-ემოციურ სფეროზე და სოციალური უნარების ჩამოყალიბებაზე მუშაობა. მასწავლებლის ყოველ შეფასებას, წახალისებას, შექებას და გაკიცხვას ბავშვის ემოციური სფეროს შესაბამისი მიმართულებით განვითარებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება.

უმნიშვნელოვანესია ბავშვის სასწავლო პროცესში მშობლის ჩართულობა.

მშობელი ადეკვატურად უნდა აღიქვამდეს ბავშვის შესაძლებლობებს, თანამშრომლობდეს დამრიგებელთან, სპეციალურ მასწავლებელთან, კონკრეტული საგნის მასწავლებელთან და ითვალისწინებდეს მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს;

ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები: ვინ გახდება ჩვენი შვილი - მსხვერპლი თუ მდევარი

მშობლის და მასწავლებლის უწყვეტი კონტაქტი პირდაპირ აისახება მოსწავლის წარმატებაზე;

მშობლის, მასწავლებლის და ფსიქოლოგის/სპეციალური მასწავლებლის ერთობლივი მუშაობით მოსწავლისთვის სკოლა იქცევა არა სტრესულ, არამედ კომფორტულ გარემოდ.

თითოეულ სსსმ მოსწავლეს აქვს რესურსი, რომლის გამოვლენასაც სჭირდება შესაბამისი მუშაობა. მთავარია მშობელს, მასწავლებელს, სპეციალურ მასწავლებელს სჯეროდეთ მოსწავლის შესაძლებლობების და ხელს უწყობდნენ მას განვითარებაში.