თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა და ევროკომისია მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გამართავენ ერთობლივ სხდომას, რაც საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
ქართველმა დიპლომატმა ძირითადი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაში. კომისიის სხდომა პრემიერ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიზნით განხორციელდა, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს.
ევროკავშირის ელჩი: საქართველო ევროკავშირში შესასვლელად მზად არ არის >>
„საქართველოს მთავრობა ემზადება უპრეცედენტო ფორმატისთვის, რომელიც გახლავთ საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს შედგება. მსგავსი ფორმატი არ გააჩნია არც ერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას. ეს არის მხოლოდ საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე საქართველო წარსდგეს მომავალზე ორიენტირებული კონკრეტული იდეებითა და გეგმებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ევროკავშირთან მეტი დაახლოების მიზნით მხარეები საგზაო რუკის კონცეფციაზე მუშაობენ. სექტემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საგზაო რუკის კონცეფცია მზადაა და მთავრობის მიერ დამტკიცებულია. ამ ეტაპზე, ზალკალიანის თქმით, ქართული მხარე დოკუმენტის შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობს.
„კონცეფცია უკვე წარმოდგენილი და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ მიმდინარეობს მუშაობა საგზაო რუკის შინაარსობრივ ნაწილზე. უწყებათაშორისი კომისია უკვე აქტიურ ფაზაშია და ჩვენ უახლოეს დროს გვექნება შესაძლებლობა წარმოვადგინოთ საგზაო რუკის ძირითადი მიმართულებების შინაარსობრივი ნაწილი“, - აღნიშნა მან.
ზალკალიანის თქმით, კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წელს გააფორმეს. მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახე (DCFTA).
ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა >>
2019 წელს საქართველო და ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის შექმნის 10-წლისთავს აღნიშნავენ. ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წელი დატვირთული იყოს ქართულ-ევროპულ ურთიერთობათა მრავალმხრივი მიმართულებებით.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება 2006 წელს დაიწყო. ეს ურთიერთობა 2009 წლისთვის ბევრად მჭიდრო გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას შეუერთდა. პროგრამა მიმართულია ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე ექვს ქვეყანასთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.