თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორ „სარფი“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მოინახულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ელჩმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოლი და ელექტრონული დაკვირვების თანამედროვე სისტემები დაათვალიერა და დეტალურად გაეცნო საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს.
„წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, განახლდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, სასაზღვრო სექტორები კი ელექტრონული დაკვირვებისა და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებასა და ევროკავშირს მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ.