კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა სვანეთში: სამუშაოები გრძელდება

სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა თამრო გუჯეჯიანის ჰაგაამს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში სამუშაოები შპს „თაუერს+“-მა შეასრულა. ნანგრევებისაგან გაიწმინდა ინტერიერი, მოიხსნა კედლის დაზიანებული საპირე წყობა; ქვის წყობით აღდგა კედლები, მოეწყო რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი, ხის კონსტრუქციებით მოხდა სართულშუა გადახურვა და მრგვალი ხე-მასალით ყავარის სახურავი მოეწყო.

უშგულში სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80 - მდე სვანური კოშკი და მაჩუბი“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპლექსური სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში მდებარე 40-მდე კოშკიდან და მაჩუბიდან, 30-ზე მეტი ისტორიული ძეგლი უკვე რეაბილიტირებულია. დასრულდა მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ქვის კონსერვაციისა და სახურავის მოწყობის სამუშაოებიც. 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნიჟარაძეების 12 საგვარეულო მაჩუბსა და კოშკს.

მესტიის მუზეუმში ნაქარგობის უნიკალური ნიმუშების გამოფენა მიმდინარეობს

ფიზიკური სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი 2018 წლის გაზაფხულიდან განახლდა. წინა სამუშაოების მსგავსად, მომდევნო ეტაპზეც ციხე-კოშკებისა და მაჩუბების სახურავებისა და კედლის საპირე წყობების აღდგენა-გამაგრება მიმდინარეობს. სამომავლოდ იგეგმება იმ ციხე-კოშკის რეაბილიტაციაც, სადაც ამჟამად უშგულის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული.  

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული სამი წლის განმავლობაში უკვე აღდგა 70-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი.