ქართველი მხატვრების ნამუშევრები ნიუ-იორკში გამოიფინება

ამერიკული მეგაპოლისის მცხოვრებნი ქართველი მხატვრების შემოქმედებას გაეცნობიან.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ნიუ-იორკის გალერეაში Susan Eley Fine Art მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა 26 ოქტომბერს გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ნიუ-იორკელები გაეცნობიან ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, ედმონდ კალანდაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის, გოგი ჩაგელიშვილის შემოქმედებას. ექსპონატები წარდგენილი იქნება როგორც კერძო, ისე მხატვრების საკუთარი კოლექციებიდან.

ნიკო ფიროსმანის სურათებს ავსტრიაში გამოფენენ

ექსპოზიციაზე ასევე შესაძლებელი იქნება თანამედროვე მხატვრების – ცირა ახობაძის, ნინო ქურდაძის, ნესტან ჯოლიას, ნათია ბექაურის, მაიკო ჯიმშელეიშვილის, ია ჭანტურიას, მარიამ კაპანაძის, პაპუნა დაბრუნდაშვილის, ლოლა სახურიას, მარიკა მამუჩიშვილის, ლაშა ბაღათურიასა და ლაშა ვაჩნაძის ნამუშევრების დათვალიერება.

ღონისძიების ინიციატორია Madatart – თანამედროვე მხატვრების ონლაი-გალერეა და კომპანია, რომელიც ქართული სახვითი ხელოვნების წარმომადგენლების აშშ-ში პოპულარიზებითაა დაკავებული. Madatart-ის დამფუძნებელია ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენია.

გალერეა Susan Eley Fine Art 2006 წელს დაარსდა. მდებარეობს მანჰეტენზე. გალერეა ძირითად ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე ხელოვნებაზე, მუშაობს სხვადასხვა სფეროში - ფერწერა, ფოტოგრაფია, ქანდაკება.