იგი ცნობილი მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის გიორგი ახვლედიანის შვილიშვილი გახლავთ, ამიტომ სამართლიანად თვლის, რომ ამ პიროვნების გავლენა მის ცხოვრებაზე დღემდე იგრძნობა...
– ქალბატონო ნანა, ჟურნალისტები ყველაზე კომუნიკაბელური ხალხია და ამ პრინციპით ხომ არ შეარჩიეთ პროფესია თავის დროზე?
– მაშინ ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჩემ მშობლიურ ქალაქ ბათუმში აჭარის ტელევიზია გაიხსნა. ძალიან გამიხარდა, რადგან ტელერეჟისორობა ჩემი ოცნება იყო. 1991 წელს ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. როცა გავიგე, რომ ვაკანსია იყო ტელერეჟისორის შტატზე, მაშინვე აჭარის ტელევიზიაში მივედი. მაშინდელმა ხელმძღვანელმა შოთა ზოიძემ და მისმა მოადგილემ ამირან კიღურაძემ მთავარ რეჟისორს პაატა კაკაურიძეს შემახვედრეს. პაატამ მკითხა, თქვენი მონაცემებით ტელეწამყვანობაზე არ გიფიქრიათო, და დასძინა, ტელერეჟისორობა გოგონასთვის რთულია, ჩვენ კი თქვენი მონაცემების მქონე წამყვანი ძალიან გვჭირდებაო (გულისხმობდა გამართულ მეტყველებას, მანერებს, ტელეგენურობას და ა.შ.). მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, პირდაპირ ეთერში ძალიან მალე და ჩემთვის მოულოდნელად გამოვჩნდი. ასე დაიწყო ჩემი კარიერა აჭარის ტელევიზიაში...
– თუმცა ეკრანზე გამოჩენით მოპოვებულ პოპულარობას არ დასჯერდით...
– ტელეწამყვანად გარკვეული წლები ვიმუშავე, მაგრამ ჩემი პირველი ოცნება არ დამვიწყებია. ამიტომ შემდეგ გადავედი რეჟისორის ასისტენტად პირდაპირ ეთერში, მალე კი პირდაპირი ეთერის რეჟისორიც გავხდი. ერთი პერიოდი საინფორმაციოს რეჟისორადაც ვმუშაობდი და შემოქმედების რეჟისორადაც, შემდეგ გავაკეთე არჩევანი და დღეს შემოქმედების რეჟისორი და პროდიუსერი ვარ. თუმცა, იმასაც აღვნიშნავ, რომ ყველა რგოლი, რაც გავიარე, იყო ცალკე საფეხური, რამაც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შემძინა იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ. ჩემი ყველა პროექტი ძალიან მიყვარს და ყველა მათგანზე მუშაობის დროს ბოლომდე ვიხარჯებოდი.
– ტელესივრცეში თქვენ მიერ მომზადებული პროექტებიდან რომელიმემ თუ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
– ამ პროექტებიდან გამოვყოფდი ზვიად სირაბიძის პროექტს „პარალელი“, რომელიც უპრეცედენტო პროექტი იყო ქართულ ტელესივრცეში, რადგან იყო პირველი საქველმოქმედო ტელეპროექტი. ამ პროექტზე მუშაობის დროს რეალურად ძალიან ბევრ ოჯახს დავეხმარეთ. ბევრ ადამიანს სრულიად უანგაროდ მივანიჭეთ დიდი სიხარული და ბედნიერება. ჩვენ ეთერში ეს პროექტი ორჯერ დაბრუნდა და თუ რაიმეთი მიამაყია, ალბათ, პირველ რიგში, ეს პროექტია, რითიც დღემდე ვამაყობ. მადლობელი ვარ ჩემი უნიჭიერესი ავტორის ზვიად სირაბიძის, რომელმაც საშუალება მომცა ასეთი ადამიანური გადაცემის რეჟისორად მემუშავა. თამამად ვიტყვი, რომ ამ პროექტმა ჩემი ცხოვრება იმ კუთხით შეცვალა, რომ მივხვდი მთავარს: ადამიანი მადლობელი უნდა იყოს იმისი, რაც მას ღმერთმა მისცა და არასოდეს იგრძნოს თავი უბედურად, როცა ის და მისი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელები არიან. დავრწმუნდი, რომ ჩვენ იმაზე მდიდრები ვართ, ვიდრე გვგონია.
– ალბათ დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები, ვისაც ტელევიზიაში უმუშავია, რომ საეთერო სივრცისთვის ე.წ. ეკრანის საინტერესოდ შეფუთვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ თქვენ საინტერესო ნამუშევრები გაქვთ...
– მართლაც ასეა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ძირითადი პროგრამის გარდა რითია და როგორაა ეთერი შევსებული და გალამაზებული. ამ მხრივ აჭარის ტელევიზიაში სიტყვა მართლა მეთქმის. საქმე ისაა, რომ დამზადებული მაქვს ორმოცწუთიანი არტი, რომლის გადასაღებადაც სულ რაღაც ათ დღეში მე და ოპერატორმა მამუკა ჩხიკვაძემ მთელი აჭარის მთა-ბარი მოვიარეთ. შესაბამისი მუსიკალური ფონით დავამზადე ულამაზესი არტი, რომელსაც ინგლისური ტიტრები ახლდა და უცხოელ ტურისტებზე იყო გათვლილი. მისი ნახვის შემდეგ ხალხს აჭარაში მოგზაურობის სურვილი გაუჩნდა და, შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს ამ მხარის პოპულარიზაციაში რაღაც წვლილი ჩემიცაა.
– თქვენი გამზრდელი ბაბუა გიორგი ახვლედიანი საქართველოს დამსახურებული არტისტი იყო და მისი გავლენა თქვენზე აშკარად აისახა...
– მე ბებიამ ქეთევან ჩხიკვაძემ და ბაბუამ გიორგი ახვლედიანმა გამზარდეს. თუ რამე კარგია ჩემ ბუნებაში, ეს მათი დამსახურებაა. ბაბუა რუსთაველის თეატრის მსახიობი და სანდრო ახმეტელის უსაყვარლესი არტისტი იყო. ის ხშირად იხსენებდა, ყოველთვის ვგრძნობდი ამ დიდი რეჟისორის გამორჩეულ ყურადღებას ჩემ მიმართო. 1932 წელს შეიქმნა პირველი სასწავლო ჯგუფი, რომელიც ბათუმელებით იყო დაკომპლექტებული, თანაც იმ პერიოდში (1935-1937 წლებში) სანდრო ახმეტელს და მის გარემოცვას პრობლემები ჰქონდა. მოკლედ ამ ყველაფერმა სამსახიობო კურსთან ერთად ბაბუას ბათუმში წამოსვლა განაპირობა. მან რკინიგზის თეატრში რეჟისორად დაიწყო მუშაობა. ბაბუა ნიჭიერი და თავმდაბალი ადამიანი იყო. მთელი ცხოვრება ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ მის ხსოვნას ჩრდილი არ მივაყენო. დღეს, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები აღარ არსებობენ. ბაბუა 65 წელი ემსახურა აჭარის კულტურას და ძალიან მტკივა გული, როცა ბათუმის დრამატულ თეატრზე რაიმე ღონისძიებას აწყობენ და მას არ ახსენებენ. არადა, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა, კარგად იცის, სინამდვილეში როგორი პიროვნება იყო გიორგი ახვლედიანი.
– ვიცი, რომ გენდერულ თანასწორობაზე არაპოპულარული მოსაზრება გაქვთ...
– გენდერი? დიახ, ამ საკითხზე განსხვავებული აზრი გამაჩნია, მაგრამ არა მგონია, რომ ასე მარტო მე ვფიქრობდე. საქმე ისაა, რომ 29 წლის ვიყავი, როცა მეუღლე დამეღუპა და მას შემდეგ ცხოვრებას მარტო ვუძღვები. მარტომ გავზარდე ქალიშვილი და ახლა არცთუ ისე პატარა მონაწილეობას მისი შვილის გაზრდაშიც ვიღებ. ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს, როცა ქალს მამაკაცის დონეზე მოეთხოვება ყველაფრის კეთება. მარტო უფლებები ხომ არ არის? არსებობს ვალდებულებებიც. ამიტომ ქალისა და მამაკაცის გათანაბრების მომხრე არ ვარ – არც უფლებებით და, მით უმეტეს, არც ვალდებულებებით. მამაკაცი ოჯახის და ქვეყნის პატრონიცაა. ფასადური და ზერელე არაფერი მიყვარს, ვთვლი, რომ ქალი რაც უნდა ძლიერი იყოს, კაცი მაინც სხვა მუხტს ატარებს. საერთოდ, კარიერა კარგია, მაგრამ მას თუ ოჯახსაც და სხვა ვალდებულებებსაც შეუთავსებ, უკეთესია. ქალი აქტიური უნდა იყოს, მაგრამ არსი არ უნდა დაკარგოს, ის სიცოცხლის საწყისია და უმთავრესი მაინც ეგაა.
– „პარალელზე“ მუშაობის დროინდელ სიკეთის რომელიმე ამბავს ხომ არ გაიხსენებდით?
– მახსოვს, ერთ-ერთ სოფელში წავედით უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე სიუჟეტის გადასაღებად. თან გზაში ვდარდობდი, შვილს მხოლოდ შემწვარი კარტოფილი დავუტოვე–მეთქი. დავიწყეთ გადაღება. რვა წლის ბიჭის ინტერვიუს ვწერთ, რომელსაც შვიდი მცირეწლოვანი და-ძმა, ჭლექით დაავადებული მამა და ფსიქიურად ავადმყოფი მამიდა ჰყავდა. ბავშვი ინტერვიუში გვიყვება, რომ და-ძმაში ყველაზე უფროსია, რომ ზოგჯერ ისე ხდება, რომ კვირაობით პურის ნატეხიც არ აქვს ნაჭამი, რადგან მას უმცროსებს უთმობს. ამ სიტყვებზე მე და ჩემი გადამღები ჯგუფის წევრები, რომ იტყვიან, მოვკვდით... მეორე დღეს ჩემი წუწუნის გამო უფალს პატიება ვთხოვე და თან მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა ამ პატარა ბიჭს დავხმარებოდით. მთელი ეს წლები ისე ვიცხოვრე, როგორც შევძელი. მიყვარს ჩემი გავლილი გზა – თავისი სიხარულითა და დაბრკოლებებით, მიყვარს ჩემი საქმე და ის ადამიანები, ვის გარემოცვაში ვარ. ვგიჟდები ჩემ ქალაქზე, მის ქუჩებში ხეტიალზე და ზღვაზე, რომელიც ჩემი ყველაზე ერთგული მესაიდუმლეა...