ეუთო საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიას აკრიტიკებს

დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტები, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატების იმიჯის შელახვას ემსახურება
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია უფრო მეტად მიმართულია დაპირისპირებაზე, ვიდრე აგიტაციაზე, ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში.

ანგარიში მოიცავს პერიოდს 18 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე და მასში აქცენტი წინასაარჩევნო კამპანიასა და პროცედურებზეა გაკეთებული.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში – ბრძოლა წესების გარეშე

„საარჩევნო კამპანია, კონცენტრირებულია დაპირისპირებებზე და არა საპრეზიდენტო მანდატის ფარგლებში არსებულ შინაარსობრივ საკითხებზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან დამკვირვებლებმა ნეგატიური კამპანიის მრავალი შემთხვევა დააფიქსირეს.

„შეინიშნა ნეგატიური კამპანიის მრავალი შემთხვევა, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტებზე კი, რომლებიც ყველაზე ხშირად მიმართული იყო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის იმიჯის შესალახად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვებიან რელიგიური ორგანიზაციების წევრები, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს საჯაროდ აფიქსირებენ, რაც კანონით აკრძალულია.

სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები 24 ოქტომბერს გაიმართება >>

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანია უფრო მეტად მიმდინარეობს მედიაში, ვიდრე ქუჩებში.

„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო კამპანია უფრო თვალსაჩინოა ეროვნული მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში, ვიდრე ღია სივრცეში, განსაკუთრებით დაბალია კამპანიის ხილვადობა რეგიონებში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს მოქალაქეები რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამომრჩევლებს ყველაზე აქტიურად ხვდებიან დავით ბაქრაძე („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის), გრიგოლ ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) და სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც არჩევნების წინ თავიანთი კამპანიის მასშტაბების გაფართოებას პირდებიან.

ამასთან ისინი მიუთითებენ, რომ კანდიდატების უმრავლესობისთვის მსგავსი მეთოდი ხელმისაწვდომი არ არის.

„რადგან ყველა კანდიდატს თანაბრად არ მიუწვდება ხელი საბიუჯეტო დაფინანსებაზე, შედარებით მცირე საარჩევნო სუბიექტები ამომრჩეველთან საკომუნიკაციო მთავარ საშუალებად Facebook-ს იყენებენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ აკრძალვის მიუხედავად, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრობლემა მაინც არსებობს და ფიქსირდება რამდენიმე საჩივარი.

უსუფაშვილი „ბნელი ძალების“ ნაცვლად - ვისთან გამართავს დებატებს ზურაბიშვილი >>

OSCE/ODIHR-ის დამკვირვებელთა ნაწილი უკვე საქართველოშია, კიდევ 350 ადამიანი არჩევნების დღისთვის, 28 ოქტომბრისთვის ჩამოვა. არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია საანგარიშო, შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს.