თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. 14 ოქტომბერს აღინიშნება დიდი რელიგიური დღესასწაული - მცხეთობა-სვეტიცხოვლობა, რომელიც უკავშირდება ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს.
მცხეთობა-სვეტიცხოვლობა: დღესასწაულის პროგრამა >>
საზეიმო ღონისძიებები დილის 10 საათზე დაიწყება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვით, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს.
თანდათანობით მცხეთა ერთ დიდ სადღესასწაულო ღონისძიებად გადაიქცევა. სახალხო ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდება.
დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდება.
საზეიმო განწყობას ამინდიც ხელს შეუწყობს - კვირას მცხეთაში თბილი და ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.
მცხეთაში წამსვლელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქალაქში გზების ნაწილი გადაიკეტება. 07:00-დან 20:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, რესტორან „გუჯარამდე“, ასევე, ფარნავაზის მოედნიდან ხიდზე, ქალაქის ცენტრის მიმართულებით.
გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება მცხეთაში შესასვლელში, მცხეთა-ლარსის საავტომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. ავტომანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოგასამართ სადგურ „რომპერტოლთან“ მდებარე პანდუსის საშუალებით, შემოვლითი გზიდან.
დედაქალაქი "თბილისობა 2018-ს" ზეიმობს >>
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.