თუ ასე გაგრძელდა, საერთოდ გავქრებით როგორც ქვეყანა...

აგვისტოში ეკონომიკური ზრდა კატასტროფულად შემცირდა – რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას გაუარესებულ მაჩვენებელზე
Sputnik

ეკონომიკის ზრდის ტემპი ის მაჩვენებელია, რომელზეც ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები ხშირად გვესმის. მარტივად რომ ვთქვათ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკონომიკა დღევანდელთან შედარებით ბევრად სწრაფად იზრდებოდა, მაშინდელი ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, ზრდის მაღალი ტემპი უბრალო ხალხისთვის არაფერს ნიშნავსო. მაშინდელი ოპოზიციონერები 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ და კარგა ხანს უკვე თავად ცდილობდნენ ეკონომიკის ზრდაზე არ გაემახვილებინათ ყურადღება. მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ - 2012 წლის შემდეგ ეკონომიკის ზრდის ტემპი მკვეთრად დაეცა. თუ 2004-2012 წლებში ქვეყნის ეკონომიკის საშუალო ზრდამ 6,2% შეადგინა, 2013-2017 წლებში მშპ-ის ზრდის ტემპი საშუალოდ 3.76%-ია. აქვე გავიხსენოთ, რომ 2006 წლის 9.4%-იან ზრდას 2007 წლის 12.3%-იანი ზრდა მოჰყვა და რომ არა 2008 წელს რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მსოფლიო კრიზისი, მომდევნო წლებში ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნებოდა.

გრაფიკი: მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით

თუ ასე გაგრძელდა, საერთოდ გავქრებით როგორც ქვეყანა...

მას შემდეგ, რაც 2017 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპმა მოიმატა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განცხადებების კეთება დაიწყეს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა მათი პრიორიტეტია და ა.შ. 2017 წლის პირველ კვარტალში, როცა ეკონომიკის ზრდა 5.1% იყო, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა: „ჩვენი ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“. 2018 წლის მაისში კი, როცა წინა წლის მაჩვენებელიც ცნობილი გახდა და იმავდროულად აპრილში ზრდამ 6.5% შეადგინა, უკვე ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა: „საქართველოს მთავრობა აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდისკენ“.

შემდეგ იყო მაისი და 7.5%-იანი ზრდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა... ივნისში 4%, ივლისში 4.6%, აგვისტოში კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ია.

თუ ასე გაგრძელდა, საერთოდ გავქრებით როგორც ქვეყანა...

გასაგებია, რომ თუ წინა წლების მაჩვენებლებს შევადარებთ, წლევანდელიც არ იქნება დიდად განსხვავებული, რადგან 8 თვის საშუალო ზრდა 5.5%-ია. თუმცა, სწორედ ეგ იყო შანსი, რომ წინა წლების მსგავსი არ ყოფილიყო წლევანდელი მაჩვენებელიც, რომელიც კვლავ დაბლა დაეშვა და თანაც იმ პერიოდში, როდესაც, წესით, მაღალი უნდა ყოფილიყო, რადგან აგვისტოში ტურისტების ნაკადიც მაქსიმალურია და ტურიზმიდან შემოსული თანხაც ყველაზე მეტი უნდა იყოს.

ლარის „შავი“ პერსპექტივა და სამომავლო ხარჯები...

რა გახდა ვარდნის მიზეზი

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდისთვის სტაბილური ვალუტა და იაფი კრედიტია აუცილებელი, რა მხრივაც ქვეყანაში ვითარება კატასტროფამდეა მისული.

„იმის ნაცვლად, რომ პრობლემა მოგვარდეს, ეროვნული ბანკი მხოლოდ ბანკებსა და საკუთარ თავზე ზრუნავს. ეს გამოიხატება იმაში, რომ იღებს ისეთ რეგულაციებს, რომლებიც კრედიტის გაძვირებას იწვევს, მაქსიმალურად ზღუდავს ეკონომიკაში ფულის რაოდენობას“, – აღნიშნა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, სებ-ს თავისუფლად შეუძლია, მდგომარეობა შეცვალოს, რაც იქნება ეკონომიკური ზრდის წინაპირობა.

„სწრაფი პრივატიზაცია და ფულის დეფიციტის აღმოფხვრა ორი მთავარი ფაქტორია, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. ერთის მოგვარებაც შეიძლება და მეორისაც, მაგრამ ამას არავინ აკეთებს. აბსოლუტურად არ აინტერესებთ, რომ ქვეყანა კატასტროფამდე მიდის“, - ამბობს სიმონიშვილი.

ვინ მიიღებს მილიარდებს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შეფერხების მიზეზზე საუბრობს ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძეც, რომლის შეფასებითაც, ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად საქართველოს მინიმუმ 7%-იანი ეკონომიკური ზრდა სჭირდება.

„დღეს არსებული ფაქტორებიდან ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდა მომავალ წელსაც დაბალ ნიშნულზე იქნება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია. საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა. ჩვენ რომ დანიის, ჰოლანდიის ან ბელგიის დონის ქვეყანას წარმოვადგენდეთ, 4%-იანი ზრდა კარგი მაჩვენებელი იქნებოდა. რეალურად კი საქართველოს დიდი მანძილი აქვს დასაფარი, რომ ევროკავშირის წევრ ყველაზე ღარიბ ქვეყანა ბულგარეთს მიუახლოვდეს“, - ამბობს ღაღანიძე.

საინტერესოა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას პოზიცია. იგი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. ქობულიას თქმით, მთავრობა დარწმუნებულია, რომ 2018 წლის ეკონომიკური ზრდა 5% იქნება და ამ პროგნოზს საერთშორისო სავალუტო ფონდიც ეთანხმება.

ახალი რეგულაციები სესხის გაცემაზე

„ეკონომიკური ზრდა თვის ფარგლებში არ არის დიდი მაჩვენებელი. 2%-იანი ზრდა ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სამინისტრომ იცოდა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის ტემპის შენელებას ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ექნებოდა. როცა ნებართვების გაცემას ვამცირებდით, ეს გააზრებულად მოხდა და მისი შედეგების შესახებაც ვიცოდით. მშენებლობის გარდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპიც შენელებული იყო. სექტემბერ-ოქტომბერში ამ მიმართულებით მუშაობა გაორმაგდება, ამას თქვენ თავადაც ნახავთ. ფეროშენადნობების კომპანია ბაზრიდან რემონტის გამო დროებით გასული იყო. საერთოდ, აგვისტო ნელი თვეა ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დასასრულ მშპ-ის ზრდაზე ყველაზე მეტად ორიენტირებული რეფორმატორი კახა ბენდუქიძე და მისი ერთ-ერთი პოპულარული სტატია გავიხსენოთ, რომელიც 2010 წელს ჟურნალ „ტაბულაში“ გამოაქვეყნა და მშპ-ის სწრაფი ზრდის მნიშვნელობას ეხებოდა. სტატიის დასასრული ასეთია:

„აირჩიეთ, როგორი ზრდა გინდათ? იცოდეთ:

დავით კიკვიძე: „ლარის უფრო მეტად გაუფასურება მოსალოდნელია“

წელიწადში 12% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს.

წელიწადში 10% - 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის

წელიწადში 7% - 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში.

წელიწადში 4% - 2040 წელს ვიქნებით ბანძები.

წელიწადში 2% - 2040 წელს არ ვიქნებით.

არაფერი არ ვიქნებით.

არაფერი

არაფერი

არაფერი

არაფერი“.

მოცემულ სიტუაციაში, ბენდუქიძის პროგნოზს თუ დავუჯერებთ, არჩევანი გვაქვს – ვიყოთ უკეთეს შემთხვევაში „ბანძები“, ხოლო, აგვისტოს მაჩვენებელს თუ დროზე ვერ დავაღწიეთ თავი, უკვე „ბანძობაც“ სანატრელი გვექნება და საერთოდ გავქრებით როგორც ქვეყანა...

 

თემურ იოსელიანი