ქუჩები თბილისში, სადაც დღეიდან სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით საქართველოს მასშტაბით ჯამში 271 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში სამ ლოკაციაზე დღეიდან საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ექვსი სექცია ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში სიჩქარის მზომი კიდევ რამდენიმე რადარი ამოქმედდა

კონკრეტული ადგილები თბილისში, სადაც ახალი სიჩქარის კონტროლის სექციებია დამონტაჟებული:

1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან" მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. მ. გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე" (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5. ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);

6. ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

თბილისსა და რეგიონებში საავტომობილო გზებზე ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა>>>

უწყების ცნობით, თბილისის მასშტაბით ჯამში სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით კი ქვეყნის მასშტაბით ჯამში 271 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება, ფუნქციონირებს 550 ვიდეოკამერა, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი ე.წ. ჭკვიანი კამერა და 244 ზოგადი ხედვის კამერა.

შსს-ს ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების შედეგად, მიმდინარე წლის აგვისტოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ პირთა რაოდენობა 36%-ით, დაშავებულ პირთა რაოდენობა კი 5%-ით შემცირდა.