თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე GIFT („საჩუქარი") შეიკრიბებიან თეატრალური დასები საქართველოდან, ევროპიდან და რუსეთიდან. ფესტივალი თბილისში 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
რუსეთს ფესტივალზე წარმოადგენს დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია „დრამატული ხელოვნების სკოლის" თეატრთან და პროდიუსერ ლეონიდ რობერმანთან ერთად სპექტაკლით ალექსანდრ ოსტროვსკის მიხედვით „უმზითვო".
ფესტივალში წელს მონაწილეობენ მიმოდრამის თეატრი „კრამპლი" (Krample) წარმოდგენით YŌKAI, თეატრი „ზამთრის სტუმრები" (ნორვეგია) სპექტაკლით „სიმულიაკრი", სარდინიის ეროვნული თეატრი (იტალია) პიესით „მაკბეტი", ასევე ჰოფეშ შეხტერის დასი (დიდი ბრიტანეთი) სპექტაკლით „შოუ".
ქართული თეატრალურ ხელოვნებას წარმოადგენენ ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატული თეატრი ქეთი დოლიძის სპექტაკლით „კილი და დუ" ჯეინ მარტინის პიესის მიხედვით და ბათუმის მუსიკალური ცენტრი ოპერით „თაბაშირის იუდა" (ზაზა მარჯანიშვილის მუსიკა).
სპქტაკლების გარდა, ფესტივალის ფარგლებში მარავალფუნქციურ ეთნოგრაფიულ სივრცეში „ვინერია" დაგეგმილია ქართველი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა. ფესტივალის პროგრამაშია თემატური ლექციები, შეხვედრები მწერლებთან, მუსიკალური საღამოები და კინოჩვენებები.
GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია, იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.