თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ოთხი მოქალაქე მეორე დღეა შიმშილობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მოქალაქეები კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
აქციაში მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძეც მონაწილეობს.
„მოქმედი მერი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ხელისუფლებას ვთხოვთ, მოაშოროს ჩვენს მუნიციპალიტეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევეწირებით ამ საქმეს”, - განაცხადა აქციის მონაწილემ, მაია ქავთარაძემ.
კახაბერ მახათაძეს კაბინეტში არ უშვებენ. მერის კაბინეტის კარზე წებოვანი ლენტია გადაჭიმული.
ტელეკომპანია Rustavi2-ის ცნობით, მერიის შენობის წინ დღეს აქცია მერის მომხრეებმაც გამართეს და მოშიმშილეებისგან მერიის მისაღების გათავისუფლება მოითხოვეს.