თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სააფთიაქო ნარკომანიის ლობირების გამო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული.
გამოძიების ცნობით, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია, რითიც აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.
სუს-ის ინფორმაციით, გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, არ რეაგირებდა „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რაც აღნიშნულ აფთიაქებში სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას ეხებოდა.
ამავე საქმეზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე - ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მიცემულია 20 პირი. უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა კი საერთო ჯამში 4 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
გია თვალავაძე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა.