„ყველა ურთიერთობას თავისი იდეოლოგია აქვს" - თბილისში გამოფენა იხსნება

ექსპოზიცია 2018 წლის 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. „ყველა ურთიერთობას თავისი იდეოლოგია აქვს" - ქართველი მხატვრის ილიკო ზაუტაშვილის ნამუშევრების გამოფენა იხსნება შაბათს, 22 სექტემბერს იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“).

„ჩვენი აქტიურობა მიმართულია მანკიერი საზოგადოებისა და იდეოლოგიის მიერ თავსმოხვეული პირობითობების დისკრედიტაციისკენ. ხელოვნება, რომელიც აღმოცენდება გახსნილობის, თანაგრძნობის და თავისუფალი ქმედების შედეგად, მოვლენათა და საგანთა ტოლფასია. ხელოვნება აღარ არის ესთეტიური, მორალური, დამრიგებლური, მოკრძალებული. დღეს იგი მოითხოვს ინტენსიურ გარემოს, აქტიურ პოზიციას", - გასული საუკუნის 70-იან წლებში წერდა თავის მანიფესტში ილიკო ზაუტაშვილი.

ეთერ მეტრეველის ნახატების გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს

გამოფენის კურატორის, მაგდა გურულის თქმით, ზაუტაშვილის ეს მანიფესტი კარგად გამოხატავდა ახალგაზრდა ინტელექტუალების ერთი ნაწილის დამოკიდებულებას საბჭოთა ტოტალიტარიზმის, ცივი ომის და თანმდევი პროცესების მიმართ.

„სწორედ ამ დროს ყალიბდება საქართველოში მხატვრობის ახალი ტიპი, რომელიც კოლექტიურ „ჰიპნოზს" თავისუფალ ნებას და პიროვნულ პასუხისმგებლობას უპირისპირებს. ცხადია, მათი ნამუშევრები არსად ჩანს იმ დროის ოფიციალურ გამოფენებზე. საკუთარ შეხედულებებზეც ისინი მხოლოდ თანამოაზრეთა ვიწრო წრეში საუბრობენ. ეს 50/60-იან წლებში დაბადებულ მხატვართა ის თაობაა, რომელიც 80-ან წლებში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს მომზადებული ხვდება და პოსტსაბჭოთა ეპოქის ახალ ილუზიებსაც რეალური გამოწვევების გზას ამჯობინებს“, - აცხადებს გამოფენის კურატორი.

გამოფენა მუზეუმ „ქარვასლაში“ (სიონის ქ., 8) 18:00 საათზე გაიხსნება და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ალტერნატიული სამყარო: თბილისში ნინო ბოსიკაშვილის გამოფენა გაიმართება >>

ილიკო ზაუტაშვილმა 1974 წელს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1979 წელს ამავე აკადემიაში ხელოვნების ისტორიისა და თეორიის განხრით ასპირანტურა გაიარა.

მხატვრის პერსონალური გამოფენები იმართებოდა საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში. მუშაობდა მხატვრად კინოინდუსტრიაში. 2015 წელს წარმოადგენდა საქართველოს ვენეციის ბიენალეზე მულტიმედიური პროექტით „საზოგადოებრივი აზრი“.