სროლა თბილისის ცენტრში: ერთ-ერთი დაჭრილი პატრიარქის ექიმის შვილია

შსს-ს თანამშრომლები დამნაშავეების დასაკავებლად აქტიურ სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ფალიაშვილის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევისას ერთ-ერთი დაჭრილი 21 წლის გივი პეტრიაშვილი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის პირადი ექიმის შვილია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პეტრიაშვილი და კიდევ ერთი 23 წლის ახალგაზრდა პარასკევს ღამით დაჭრეს. ადგილობრივების თქმით, სროლას და დაჭრას წინ უსწრებდა კამათი რამდენიმე ახალგაზრდის შორის, შემდეგ კი გასროლის ხმა გაისმა. დაჭრილები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოში დანაშაულის რაოდენობა იზრდება - შსს-ს ბოლო სტატისტიკა >>

„პაციენტ გივი პეტრიაშვილს ბასრი საგნით აქვს მიყენებული ჭრილობა მარჯვენა დუნდულოს არეში. მეორე პაციენტს - 21 წლის ახალგაზრდას ჰქონდა ჭრილობა, მიყენებული ბასრი საგნით მარჯვენა დუნდულოს არეში, ასევე ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის და კოჭ-წვივის არეში. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება, ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა კლინიკის ქირურგმა ვახტანგ შალამბერიძემ.

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს

პეტრიაშვილის მამამ, რომელიც ასევე მუშაობს ალადაშვილის კლინიკაში, კომენტარისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება თავდამსხმელებს, პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ვიდეოდაკვირვების კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო. შსს-ს თანამშრომლები დამნაშავეების დასაკავებლად აქტიურ სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო – 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.