პარლამენტი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავს

პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას და თანაგუნდელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნულ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს.

საპატრიარქო საქართველოში კანაფის წარმოების კატეგორიული წინააღმდეგია>>>

საქართველოს პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „მცენარე კანაფის შესახებ“, რომელიც კანაფის მოყვანის, მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების და ექსპორტზე მისი გატანის წესებს დაარეგულირებს. „ბალახის" მოწევის ლეგალიზაციის კვალდაკვალ აღნიშნულმა საკითხმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და, კერძოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უკმაყოფილება გამოიწვია. 

გრიგოლ ვაშაძე მარიხუანის კულტივაციის წინააღმდეგ გამოდის

„ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსების დაცვაა, რომლის პრინციპებია ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედება და ეკლესიისა და პატრიარქის განსაკუთრებული პატივისცემა... ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობა პირნათელია ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. ხელისუფლების მიზანი აღნიშნული მცენარის სამეწარმეო მიზნებისთვის გამოყენება იყო, რაც სწორედ კანონპროექტშია ასახული.

„თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე“, – ნათქვამია პარლამენტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას და თანაგუნდელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნულ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან.

„სამწუხაროდ, საზოგადოების ვნებათაღელვით ბოროტად ისარგებლეს გარკვეულმა ძალებმა, რომელთა მთავარი ნიშან-თვისებები სწორედ ადამიანის ღირსების უგულებელყოფა და მისი შელახვის მცდელობა, ქვეყანასთან, ხალხთან და საზოგადოებასთან დაპირისპირება, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა... მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ნინო ბურჯანაძე: ნარკობარონებიღა აკლდა საქართველოს

საქართველოში მარიხუანის მოყვანა-წარმოების შესაძლო ლეგალიზებასა და ექსპორტზე გატანის თაობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს პარლამენტის წინააღმდეგ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიძის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა. 

მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს შსს-მ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს ითვალისწინებს. საუბარია „ბალახის" მოწევის აკრძალვაზე საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში, არასრულწლოვნების თანდასწრებით. გარდა ამისა, მარიხუანის მოხმარება ეკრძალებათ პედაგოგებს, ექიმებს და ჩინოვნიკებს მუშაობის პერიოდში.

შსს ასევე გეგმავს მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას.