ქართულმა დიასპორამ მშობლიური ენა უნდა იცოდეს - მთავრობის ახალი ინიციატივები

უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა მშობლიური ენა და ტრადიციები უნდა შეინარჩუნონ, დარწმუნებულია საქართველოს პრემიერი
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იმუშავებს თანამემამულეებში ქართული ენის პოპულარიზაციაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე.

საფრანგეთმა საქართველოს უნიკალური ისტორიული დოკუმენტები გადასცა >>

მისი თქმით, ქვეყნებში, სადაც ბევრი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, ფუნქციონირებს საკვირაო სკოლები, სადაც მშობლიური ენა, ისტორია, კულტურა და ტრადიციები ისწავლება.

„ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა და  ეს საკითხი 2019 წელს გაცილებით მაღალ პრიორიტეტში იქნება წარმოდგენილი. განათლების რეფორმის მთავარი პუნქტია სწორედ ქართული ენის პოპულარიზაცია და შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი უკვე ჩაიდო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში“, - მიმართა პრემიერმა დიასპორის წარმომადგენლებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იქნება.

საქართველოში დიასპორის დღეები იმართება - თანამემამულეთა ფორუმი გაიხსნა

„მინდა, მივესალმო ჩვენს სტუდენტებს და ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანის კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში, რასაც მე საერთო ადამიანურ კაპიტალს ვუწოდებ, იქნება მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვიყავი თქვენს ადგილზე და ვიცი ეს განცდა, ეს ემოცია და ჩემს თავს პირველ ამოცანად ამას ვუსვამ - შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, საქართველო იქნება წარმატებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობა დიასპორასთან ურთიერთობების მხარდასაჭერად ბევრ პროგრამას ახორციელებს. ერთ-ერთი პროექტია - ქართული ენის ონლაინ-შესწავლა, ქართველი თანამემამულეების შვილებისთვის საქართველოში დასვენების შესაძლებლობა, ბიბლიოთეკებში ქართული განყოფილებების გახსნა.