თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ თავი კვლავ შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა, განაცხადა გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.
„ყველას დიდი ბოდიში“ — სარალიძე ნანობს, რომ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა >>
ზაზა სარალიძემ ორშაბათს განაახლა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. მან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ ობიექტურად ვერ გამოიძია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელობა. ამასთან ზაზა სარალიძე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
„სარალიძის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. დამირეკეს, რომ გონი გაკარგა… როცა მოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე იყო, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს… მას აქვს დიაბეტი,“ — განაცხადა კილაძემ.
ამჟამად სარალიძე საავადმყოფოში იმყოფება.
„მეგობრებო, ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ის ინგოროყვას საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ ზაზა მეექვსე დღეა რაც პარლამენტის წინ შიმშილობს. მას დიაბეტი აქვს და მისთვის შიმშილობა ყოვლად დაუშვებელია“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ერთი საათის წინ გავრცელდა Facebook-გვერდზე „მამები სიმართლისთვის“.
„მისი სასიცოცხლო ფუნქციები და ლაბორატორიული მონაცემები ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია. შემოიყვანეს ძლიერი საერთო სისუსტით. მაღალი ალბათობით, კლინიკას მალე დატოვებს. პაციენტს, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყოველთვის ვაძლევთ კვების რეჟიმის დაცვის რეკომენდაციას“, – პირველი არხის ეთერში განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გიორგი გაფრინდაშვილმა.
სარალიძეს ექიმების დახმარება უკვე მეორედ დასჭირდა. ორშაბათს, იმის შემდეგ, რაც პოლიციამ მომიტინგეებს კარვის გაშლის უფლება არ მისცა, სარალიძემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. მან პოლიციელებზე ხელი აწია და შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანა. მეორე დღეს ის საავადმყოფოდან გაეწერა და პოლიციას ბოდიში მოუხადა.
ამჟამად პარლამენტთან 30-მდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილი — სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის დაკავების სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი სარალიძეს ყოველთვის უჭერდა მხარს.
16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.
სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ყველა დამნაშავის დასჯას. სარალიძის მამა ამტკიცებს, რომ ნამდვილ მკვლელს ხელს აფარებენ, რადგან მას პროკურატურაში ნათესავები ჰყავს.
პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.
„მმართველი პარტია ჩემი შვილის მკვლელს მფარველობს“ — სარალიძე კვლავ პროტესტს აცხადებს >>
მიმდინარე წლის ივნისში შექმნილ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უნდა გაერკვია, იყო თუ არა დაშვებული დარღვევები საქმის გამოძიებისას და იყო თუ არა ჩარეული ვინმე ამ პროცესში.
კომისიის წევრებმა ვერ დაადგინეს, ვინ მოკლა დავით სარალიძე, თუმცა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი მოზარდი მონაწილეობდა.