სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ორ პირს განაჩენი გამოუტანა

ზურაბ გორნაკაშვილი ახმედ ჩატაევს და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა, ბადურ ჩოფანაშვილმა კი აჭარიდან თბილისში მგზავრობისას გაუწია დახმარება.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე  ბადურ ჩოფანაშვილს სამი წლით, ხოლო ზურაბ გორნაკაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბადურ ჩიფანაშვილს და ზურაბ გორნაკაშვილს პროკურატურა სსკ-ს 331-ე პრიმა მუხლს – ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას ედავებოდა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იყო თუ არა მაჩალიკაშვილი ჩატაევის თანამზრახველი - საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა

ბადურ ჩოფანაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა დანაშაულის აღიარების და სხვა პირების მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემის სანაცვლოდ. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მას შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ხუთი წელი შეეცვალა პირობით ექვსი წლის გამოსაცდელი ვადით.

მამხილებელი ჩვენება სასმართლოს ზურაბ გორნაკაშვილმაც მისცა, თუმცა ის ბრალს არ აღიარებდა. 

მისი ადვოკატი კი მუხლის გადაკვალიფიცირებას დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა.

ზურაბ გორნაკაშვილი და ბადურ ჩიფანაშვილი დააკავეს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის ერთი დღე-ღამე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს მიმდინარეობდა. სპეცოპერაცია დასრულდა იბრაგიმ ადაშევისა და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. 

ტერორიზმის საქმე - ექვსივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

მათთვის წაყენებული ბრალდების მიხედვით, ზურაბ გორნაკაშვილი ახმედ ჩატაევს და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა, ბადურ ჩოფანაშვილმა კი აჭარიდან თბილისში მგზავრობისას გაუწია დახმარება.

ადვოკატების განცხადებით, საქალაქო სასმართლოს განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

ამასთან, განაჩენი უკვე დადგა ექვსი პირის მიმართ, რომელთაც საგამოძიებო უწყება ედავებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და დახმარებას.

13 წლით პატიმრობა მიესაჯა შოაიფ ბორზიევს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის მასშტაბური სპეცოპერაციის დროს თბილისში 2017 წლის 21-22 ნოემბერს დააკავეს.

პატიმრობის 12 და 11 წელი მიესაჯათ რამაზ მარგოშვილსა და რუსლან ალდამოვს. ისინი პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 2017 წლის 26 დეკემბერს დააკავეს.

სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა დაიღუპა >>

პატიმრობის 11 და 10 წელი მიესაჯა ანატოლი ბერძენიშვილს და ზურაბ იდოიძეს, რომლებიც თბილისსა და ახმეტაში მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.

საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს — ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობაში ბრალდებულ რუსლან შავაძეს, რომელიც გამოძიებას ემალება, 13 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.