ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ,ზაზა სარალიძემ  შიმშილობა დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

„ვიჯდები აქ და ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, — განაცხადა ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, რომელიც მან პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად გამართა.

„მმართველი პარტია ჩემი შვილის მკვლელს მფარველობს“ - სარალიძე კვლავ პროტესტს აცხადებს

„ცხრა თვის შემდეგ მიწევს ქუჩაში გამოსვლა. იმის მაგივრად, რომ ჩვენ შვილებს ვგლოვობდეთ, გვიწევს ქუჩაში სამართლის ძებნა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩემი შვილის მკვლელები უნდა იყვნენ გარეთ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც გააყალბა საქმე, უნდა იყოს თანამდებობაზე. მათ დაასკვნეს, რომ არავის შეუშლია ხელი გამოძიებისთვის, თუმცა თავად ხელისუფლება არის დღეს მკვლელი და მკვლელების ხელისდამფარებელი. დღეს აქედან ფეხს არ მოვიცვლი, აქ ვიქნები, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება“, — განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

ზაზა სარალიძე მოითხოვს ხელისუფლების გადადგომას, შეიქმნას დროებითი ხელისუფლება და დაიწყოს მსჯელობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.

„არავითარი წულუკიანი და გახარია ხელისუფლებაში. ისინი დღეს მკვლელობებს მფარველობენ. დღეს კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ადამიანის უფლებებს ვიცავთ, ჩემი შვილი რადგან მიწაშია — უფლებები აღარ აქვს?! ჩემი შვილის უფლებებს და ღირსებას ბოლომდე დავიცავ“, — განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დანები და კასტეტები - საქართველოს სკოლებში ათობით საშიში საგანი აღმოაჩინეს

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი. ამის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.

სკოლების უსაფრთხოება - მოერევა თუ არა პოლიცია და განათლების სამინისტრო მოზარდთა აგრესიას

მიმდინარე წლის ივნისში შექმნილ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უნდა გაერკვია, იყო თუ არა დაშვებული დარღვევები საქმის გამოძიებისას და იყო თუ არა ჩარეული ვინმე ამ პროცესში.

კომისიის წევრებმა გამოკითხეს 79 ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, 51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ჩხუბის მონაწილეები იყვნენ, ხორავას ქუჩის მცხოვრებლები და საქმის გამომძიებლები.

კომისიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პროკურატურის ვერსია, რომლის თანახმად, დავით სარალიძე გ.ჯ.-მ მოკლა. კომისია ამტკიცებს, რომ იარაღი ჰქონდა კიდევ ერთ მოსწავლეს — მ.კ.-ს, რომელიც საქმეში მთავარი მოწმის სტატუსით გადიოდა.

დასკვნის თანახმად, მ.კ. მკვლელობის თანამონაწილეა. ის აკავებდა და გ.ჯ.-სთან ერთად ურტყამდა სარალიძეს და, სავარაუდოდ, ის თავისი იარაღით დაჭრა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილის 19 წლის შვილი თემირლანი  კი გასული წლის 26 დეკემბერს, ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავების ოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, ვინც მას ესროლა.