დარიალის ხეობაში ახალი გვირაბი გაიხსნა

ორ კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის პროექტის ღირებულება თითქმის 52 მილიონ ლარს შეადგენს
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 132 — 135კმ მონაკვეთზე დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

უწყების ინფორმაციით, ახალი გვირაბი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.

დევდორაკის გვირაბი – სარგებელი ეკონომიკისათვის

„1,7კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8,5 მეტრია, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა.

დარიალის გვირაბი ამ დროისთვის უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დიდი ოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილება შეწყდა. 2014 წლის სტიქიას კი ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტიქიის განმეორების რისკი, საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ  მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

"დარიალი ჰესი" ახალი ტურისტული მიმართულება გახდება

გვირაბის აშენების შედეგად სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელი იყო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის და ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა", — ნათქვამია განცხადებაში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებაც  თითქმის 52 მილიონ ლარს აღწევს.  სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მსგავსი მასშტაბური პროექტისთვის უმოკლეს ვადაში — 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. მიმდინარე სამუშაოებზე სულ 140 ადამიანი იყო დასაქმებული.