რა რაოდენობის ხე მოიჭრა უკანონოდ აგვისტოს თვეში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აგვისტოს თვეში ამოღებულია 581 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 243 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბაღდათში ზედამხედველობის თანამშრომლებს თხმელას გამო გაუსწორდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევებს შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი — 53 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 37 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში — 29 ფაქტი, გურიაში — 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში — 14, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე — 32 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში — 5 ფაქტი, შიდა ქართლში — 23, ქვემო ქართლის მასშტაბით — 13 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე — 29 ფაქტი დაფიქსირდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 581 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

აღნიშნულ პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 49 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია რვა ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

ივლისის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხე-ტყის უკანონო ჩეხვასთან უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა და განაცხადა, რომ ხელისუფლება იქნება შეუვალი იმ პირების მიმართ, ვინც ხე-ტყეს ჩეხავს ან მფარველობს მსგავს დანაშაულს.

ბოლო პერიოდში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ ერთ დღეში 20 არარეგისტრირებული სახერხი გამოავლინეს და ათობით კუბური მეტრი ხის მასალა ამოიღეს.

რა რაოდენობის ხე მოიჭრა 2015-2018 წლებში >>

ხის მასალის რეალიზების კანონიერების დასადგენად, საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ ინვენტარიზაციას 150-ზე მეტ ობიექტში, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხის მასალით ვაჭრობს.