„ოცნებასთან“ თუ „ოცნების“ გარეშე - საპრეზიდენტო არჩევნების ბედი 9 სექტემბერს გადაწყდება

კვირას თბილისში შედგება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გეგმებზე იმსჯელებენ
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კვირას შედგება „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც ცნობილი გახდება, დაუჭერს თუ არა მხარს რომელიმე კანდიდატს მმართველი პარტია.

არჩევნები ბურჯანაძის გარეშე ჩატარდება — ვინ გახდება პრეზიდენტი, ოქტომბერში გაირკვევა >>

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ ეყოლებათ საკუთარი კანდიდატი და ისინი, სავარაუდოდ, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი ძალა ფსონს სალომე ზურაბიშვილზე გააკეთებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს.

„თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ამ ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას გავასაჯაროებთ. პოლიტსაბჭოს სხდომაზე გვექნება მსჯელობა და გადაწყვეტილებას გაგაცნობთ, მაგრამ ამ არჩევნებში კანდიდატურას რომ არ ვაყენებთ, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

რეჟისორ გიორგი შენგელაიას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი აქვს

მმართველმა პარტიამ თავისი დაპირება შეასრულა. შაბათს ცესკომ დაასრულა პრეზიდენტობის კანდიდატების განაცხადების მიღება და მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ არის. პრეზიდენტობისთვის 45 კანდიდატი იბრძოლებს.

მანამდე კი მედიაში „ქართული ოცნების“ ბოლო შიდა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გავრცელდა.

ამ მონაცემების თანახმად, ლიდერობს ათი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი — ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე. მას გამოკითხულთა 25,8% უჭერს მხარს. შემდეგ მოდის ერთ-ერთი ლიდერი პარტიის „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ — დავით ბაქრაძე (15%). ზურაბიშვილს ამ კვლევაში მესამე ადგილი ერგო (12,8%).

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს მხარს უჭერს ამომრჩეველთა 4,4%, ხოლო პარლამენტის ექს-სპიკერს, „შენების მოძრაობის“ ლიდერს დავით უსუფაშვილს — 2,1%.

საქართველოს არჩევნებზე წელსაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი ეყოლება >>

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. მაშინვე ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად პრეზიდენტი ქვეყნის მეთაური და მთავარსარდალი იქნება, თუმცა მას ყველა გადაწყვეტილების შეთანხმება მთავრობასთან მოუწევს. ამასთან პრეზიდენტი შეინარჩუნებს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებას, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადების და რეფერენდუმების დანიშვნის უფლებას.

განახლებული კონსტიტუციის სრული ამოქმედებისთანავე საქართველო საბოლოოდ გადავა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე.