ეროვნული ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

ეროვნული ბანკის შეფასებით, გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება კვლავაც დგას, თუმცა ამ პროცესის გაგრძელება საგარეო რისკების სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 5 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7% დატოვა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, წლის განმავლობაში მიზნობრივ დონესთან (3%) ახლოს მოძრაობს. აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 3,1% შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში და ასევე საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმერყევებს.  რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე გაიზარდა მაკროეკონომიკური რისკები, რამაც ფინანსურ ბაზრებზე მერყეობის ზრდა გამოიწვა. თუმცა, ამ რისკების რეალიზების შემთხვევაშიც, ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის.

საკრედიტო შიმშილი, ანუ თანამედროვე თამასუქები და ვექილი პლევაკოს რეპლიკა...

ეროვნული ბანკის შეფასებით, გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის საჭიროება კვლავაც დგას, თუმცა ამ პროცესის გაგრძელება საგარეო რისკების სიძლიერეზე იქნება დამოკიდებული.

„ეკონომიკური აქტივობა 2018 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა და, წინასწარი მონაცემებით, პირველ შვიდ თვეში რეალურმა ზრდამ 5,5% შეადგინა. აღნიშნული დინამიკა ხელს უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან ჩამორჩენის სწრაფად აღმოფხვრას“, — აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. 

პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა საგარეო სექტორშიც. კვლავ მაღალი ტემპით მატულობს საქონლის ექსპორტი და პირველ შვიდ თვეში წლიურმა ზრდამ 29% შეადგინა. ტურისტული შემოსავლები ამავე პერიოდში 22% გაიზარდა. ასევე გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც (წლიური ზრდა 18%), თუმცა ადგილობრივი მოთხოვნის გააქტიურების ფონზე, საგრძნობლად დაჩქარებულია იმპორტის ზრდის ტემპიც (23%).

საზაფხულო „საქანელა“, ანუ საშემოდგომო გამოცდის მოლოდინში

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, უწყება  მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 24 ოქტომბერს გაიმართება.