ნიქოზის ფესტივალზე რუსულ და ქართულ ანიმაციას აჩვენებენ

ფესტივალის მონაწილეები ეცნობიან მსოფლიო ანიმაციის სიახლეებს, ხვდებიან ცნობილ რეჟისორებს და ხელოვნების მოღვაწეებს
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართული და რუსული ანიმაცია ვრცლად არის წარმოდგენილი ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალზე „ნიქოზი“, რომელიც სოფელ ზემო ნიქოზში 2018 წლის 1-7 სექტემბერს მიმდინარეობს.

ზემო ნიქოზს ეწვევიან როგორც ცნობილი, ისე დამწყები ანიმატორები. ფესტივალის ფარგლებში რეჟისორები სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, ასევე ჩაატარებენ სასწავლო მასტერ-კლასებს. ფესტივალის მონაწილეები ეცნობიან მსოფლიო ანიმაციის სიახლეებს, ხვდებიან ცნობილ რეჟისორებს და ხელოვნების მოღვაწეებს.

საქართველოში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება >>

თავის პროგრამას ფესტივალზე 4-5 სექტემბერს აჩვენებს ცნობილი რუსი რეჟისორი-მულტიპლიკატორი და მხატვარი ოქსანა ჩერკასოვა. ამ დღეს ფორუმის მონაწილეები და სტუმრები ასევე ნახავენ რუსი მულტიპლიკატორის და რეჟისორის ფიოდორ ხიტრუკის შედევრებს. ხიტრუკზე, რომელსაც ანიმაციის გენიოსს უწოდებენ, აჩვენებენ ფილმს „გენიოსის სული“, რომელიც 1998 წელს რეჟისორმა ოტო ალდერმა გადაიღო.

გარდა ამისა, ფესტივალზე სუზდალის ანიმაციური კინოს ფესტივალის მონაწილე ფილმების ჩვენება გაიმართება. მათ შორის არის უამრავი ჯილდოს ლაურეატი დარია ზიმინას ნამუშევარი Шкафчик.

რაც შეეხება ქართულ ანიმაციას, ნიქოზის ფესტივალი აჩვენებს ლეო გაბრიაძის გახმაურებულ ანიმაციურ ფილმს „იცი, დედა, სად ვიყავი?", რომელიც მამამისის, რეჟისორისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ჩანახატებზეა დაფუძნებული.

ქართული ანიმაციას ასევე წარმოადგენენ მამუკა ტყეშელაშვილის ნამუშევარი „მეთევზე და გოგონა“ და ნოდარ ბეგიაშვილის ფრაგმენტები „ვეფხისტყაოსნიდან“.

საჩუქარი კლასიკის მოყვარულებს: როგორ ტარდება Batumi Music Fest

ფესტივალზე წარმოდგენილია საფრანგეთის, შვეიცარიის, გერმანიის, პოლონეთის და ბელარუსის ანიმაციის შედევრები და სიახლეები.

თანამედროვე შემოქმედების ფესტივალი სოფელ ნიქოზში 2011 წლიდან ტარდება. ორგანიზატორების განცხადებით, „ნიქოზი" სხვა კინოფესტივალებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ საერთოდ არ არის ტრადიციულად მიღებული საკონკურსო სისტემა, სადაც ავლენენ გამარჯვებულს სხვადასხვა ნომინაციაში. „ნიქოზში" აჩვენებენ როგორც ძველ შედევრებს, ისე ახლად შექმნილ ფილმებს.

ანიმაციური ფესტივალი, ტრადიციულად, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტის, ეპისკოპოს ისაიას (ზურაბ ჭანტურიას) ინიციატივით ტარდება.