ომბუდსმენი ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების მექანიზმის ამოქმედებას დადებითად აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ რისკის შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას.
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვას, ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ელექტრონული სამაჯური მოძალადე ქმრებისთვის და პენიტენციალური რეფორმის სხვა სიახლეები

საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. სამართალდამცველები ახალი ინსტრუმენტის, კერძოდ, სტრუქტურირებული კითხვარების საშუალებით ძალადობის ფაქტისა და მასში მონაწილე პირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებასა და მოძალადისგან მოსალოდნელი რისკების უკეთ იდენტიფიცირებას მოახდენენ.

შსს: ოჯახში ძალადობის რისკებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა>>>

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ რისკის შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, მათ შორის სისტემური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრას, რაც პოზიტიურად აისახება გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების პრევენციაზე.

„მნიშვნელოვანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილ იქნას ტერიტორიულ ორგანოებში თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით, რათა მოხდეს მათი კვალიფიკაციისა და მგრძნობელობის ამაღლება და ეფექტურად შეძლონ მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება, რისკების შეფასება და შემდგომი მონიტორინგი", – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

2017 წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის 2,1 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა, რაც 58%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.

2018 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2017 წლის მთლიან მაჩვენებელს უტოლდება. კერძოდ, გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2 804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა — 1 933 პირის მიმართ.

ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის ექვს თვეში დაკავებულია 1 328 პირი. რაც შეეხება მსხვერპლთა დაცვის მიზნით გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის ექვს თვეში გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 3292-ს უტოლდება, რაც ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემებს.