თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ელექტროძრავიანი ავტობუსები და რძის პროდუქტები შესაძლოა დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთი დასაბეგრი ბრუნვის 18%-ს შეადგენს და მას იხდის პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის წლიური ბრუნვაც 100 000 ლარს აღემატება.
დღეს მოქმედი კანონით, ელექტროძრავიანი ავტობუსის (მათ შორის, ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის) მიწოდება და იმპორტი სხვა გადასახადებისგან (იმპორტისა და აქციზის გადასახადი) გათავისუფლებულია და მხოლოდ დღგ-ით იბეგრება, ცვლილებები კი დღგ-სგან მისი სრულად გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტისა და მიწოდების დღგ-სგან გასათავისუფლებლად „საგადასახადო კოდექსში“ შესაბამისის ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
ცვლილებების პროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე და არჩილ თალაკვაძე არიან. მათი განცხადებით, კანონპროექტის მომზადების მიზეზი ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების იმპორტისა და მათი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა.
კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ინიცირებაც ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება, ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდების დღგ-სგან სრულად გათავისუფლებაა ჩათვლის უფლებით.
„საგადასახადო კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებების ავტორი ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროა.
მოქმედი კანონით, დღგ-სგან თავისუფლდება მხოლოდ ორ ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი.
უწყების ვარაუდით, ამ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს შესაძლოა 35 მილიონი ლარი დააკლდეს.
რძის მიწოდების და ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რამდენიმე თვის წინ გამოვიდა.