თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქმა ავტომობილმა მიკროავტობუსს გზა გადაუჭრა და მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მგზავრები მსუბუქად არიან დაშავებულები.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადის სამ წლამდე.