თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბანში 40 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებული პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც იგი გარდაბნის ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილდებოდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული 21,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.