კალაძის ინიციატივა: ყოველკვირეული ღია ბაზრობები თბილისში გარემოვაჭრეების ნაცვლად

28 აგვისტოდან თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობაზე ჯარიმები გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე გამოდის ინიციატივით, თბილისის ყველა რაიონში კვირაში ერთხელ მოეწყოს ღია ბაზრობები გარემოვაჭრეებისთვის. ამის თაობაზე დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარევაჭრობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვით ქალაქში სრულ ქაოსსა და განუკითხაობას მივიღებთ.

უცხოელებს ბინადრობის უფლების მისაღებად 100 ათასი დოლარის ქონების შეძენა მოუწევთ

„თბილისში გარევაჭრობა აკრძალულია და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისში აღვკვეთოთ ყველანაირი გარევაჭრობა. დედაქალაქში არსებობს სავაჭრო სივრცეები, რათა კანონის დაცვით განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობა და არავინაა შეზღუდული. თუმცა ცენტრალურ ქუჩებზე კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი საქმიანობა", – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, დედაქალაქის ათივე რაიონში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე მოეწყობა ბაზრობები, სადაც ადამიანები ვაჭრობას და საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებენ.

„თუ არის საჭიროება, მივმართოთ გამგეობებს და გამოვყოთ ერთი კონკრეტული დღე ყველა რაიონში, სადაც მოვუწყობთ ამ ადამიანებს [სივრცეს] შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ცივილურად. ბევრ ქვეყანაში ხდება ასეთი ტიპის ბაზრობების მოწყობა ერთი დღით. მობრძანდნენ ყოველგვარი გადასადახის გარეშე, ჩვენ მივცემთ ამის შესაძლებლობას, თუ იქნება სურვილი", – განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობის შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. 

თბილისის იერსახის დამახინჯებაზე სანქციები გამკაცრდა

გარევაჭრობის პირობების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში პირს მანამდე გათვალისწინებული 100 ლარის ნაცვლად 300 ლარით დააჯარიმებენ. ასევე გაიზარდა უფლებამოსილი პირის მოთხოვნების დაუმორჩილებისათვის განკუთვნილი ჯარიმაც – 50 ლარიდან 200 ლარამდე.

ამავე კანონის თანახმად, უნებართვო გარევაჭრობა სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით 1 000 ლარით დაჯარიმდება და სამართალდამრღვევს ვაჭრობის საგანსაც ჩამოართმევენ.