თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. 2018 წლის პირველ შვიდ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 5,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი გაიზარდა – შვიდ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 051,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 24,4%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი წინა წელთან შედრებით 28,8%-ით გაიზარდა (1 871,0 მლნ დოლარი), ხოლო იმპორტი 22,9%-ით (5 180,8 მლნ აშშ დოლარი).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს მთავრობით კმაყოფილია>>>
რაც შეეხება ივლისის თვეს, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4,6% შეადგინა.
მნიშვნელოვანი ზრდა 2018 წლის ივლისში დაფიქსირდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ფინანსური საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4,8%-დან 5,5%-მდე გაზარდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება საქართველოს მიმართ მეტ ნდობასა და ინვესტიციების მოზიდვას განაპირობებს.