ბეთჰოვენიდან დვორჟაკამდე - ბათუმში ხუთი ქვეყნის მუსიკოსები დაუკრავენ

ათდღიანი ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის სახელოვან მუსიკოსებს და ამომავალ ვარსკვლავებს შეკრებს
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. შაბათს ბათუმში იწყება რიგით მეექვსე მუსიკალური ფესტივალი Batumi Music Fest, განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ფესტივალი 12 სექტემბრამდე გაგრძელდება და ტრადიციულად სხვადასხვა ქვეყნის სახელოვან მუსიკოსებს და ამომავალ ვარსკვლავებს შეკრებს. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ Batumi Music Fest-ის ღონისძიებების საინფორმაციო პარტნიორი იქნება.

Пресс-конференция Batumi Music Fest

ღონისძიების ორგანიზატორია ცნობილი ქართველი პიანისტი და „იუნესკოს მშვიდობის არტისტი“ ელისო ბოლქვაძე.

„ფესტივალი გაიხსნება 2 სექტემბერს 19:00 საათზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. ველოდებით მსმენელებს, მუსიკის მოყვარულებს. წელს ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს. დიდი სიამაყით გვინდა განვაცხადოთ, რომ ფესტივალი უკვე მეორედ იუნესკოს პატრონაჟით ტარდება, რაც სხვა ფესტივალებისგან გამოგვარჩევს“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბოლქვძემ.

Пресс-конференция Batumi Music Fest

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ფესტივალის გახსნაზე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და დირიჟორ დავით მუქერიას ხელმძღვანელობით მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე წარდგება. პირველი საღამოს პროგრამაშია ფერენც ლისტის სიმფონიური პოემა „პრელუდიები“ და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის კონცერტი ვიოლინოსთვის ორკესტრით (რე მაჟორი).

ელისო ბოლქვაძე — მუსიკა მშვიდობისათვის >>

წელს ფესტივალის მონაწილეები არიან მუსიკოსები საქართველოდან, ირლანდიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან და ავსტრიიდან. მონაწილეებს შორის არიან ფრანგი პიანისტი ლიზა დე ლა სალი, ბერძენი დირიჟორი მირონ მიხაილიდი, ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ჰირშუბერი და ირლანდიელი პიანისტი ბარი დუგლასი.

ფესტივალის პროგრამაშია — ბეთჰოვენის, რახმანინოვის, დვორჟაკის, მოცარტის და სხვა კომპოზიტორების უკვდავი შედევრები.