არჩევნები საქართველოში : პარტიებმა ცესკოს ოთხი მოთხოვნა წაუყენეს

ოპოზიციის ნაწილი მოითხოვს, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის პროცესი გამჭვირვალე გახდეს
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ოთხპუნქტიანი ერთობლივი განცხადებით ათმა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

საქართველოში 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ორშაბათს ცესკო სკანდალში გაეხვია. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერები, საიდანაც, მისი მტკიცებით, გამომდინარეობს, რომ საარჩევნო კომისიები კომპლექტდება კადრებით, რომლებიც მმართველი პარტიისადმი ლოიალურად არიან განწყობილნი.

ოპოზიცია ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - ცესკო პროვოკაციაზე საუბრობს

ათი პოლიტიკური პარტიის პირველ მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევისას უზრუნველყოს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა, მათ შორის შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების მეშვეობით, ნაციონალური თუ რეგიონული სატელევიზიო საშუალებების, ბეჭდვითი და ინტერნეტ-სივრცის გამოყენებით.

პარტიები მოუწოდებენ ცესკოს გაწეროს და საჯაროდ ცნობილი გახადოს შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რომელიც საუბნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში განუხრელად იქნება დაცული.

ოპოზიცია ასევე მოუწოდებს ცესკოს შერჩევის პროცესისას უზრუნველყოს ზეპირი გასაუბრების ჩატარების საშუალება და შესაძლებელი გახადოს აღნიშნული გასაუბრების ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდზე.

მეოთხე მოთხოვნას ცესკოსადმი წარმოადგენს ცესკოს სხდომების ცესკოს ვებგვერდზე პირდაპირი ტრანსლირების უზრუნველყოფა.

ცესკო ეპიცენტრშია — ოპოზიცია არჩევნების მომავალ გაყალბებაზე ალაპარაკდა >>

„არჩევნების სანდოობის უზრუნველსაყოფად, ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას ცესკომ გამჭვირვალობის და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტით იხელმძღვანელოს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო ეს–ესაა, არჩევნებისთვის მზადებას შეუდგა, ოპოზიცია კი უკვე უკმაყოფილოა

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ „ახალი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ევროპული საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ), „თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ და „ლეიბორისტული პარტია“.

რაც შეეხება სკანდალს, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ჩანაწერებით დასტურდება, რომ საოლქო და რაიონულ საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები ინიშნებიან.

თავის მხრივ, ცესკოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ ჩანაწერებს უწოდეს პროვოკაციული. მათ განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერები მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციაზე და საარჩევნო გარემოს ზიანს აყენებს.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 28 აგვისტოს დაიწყება, ხოლო 8 სექტემბერს არჩევნებში მონაწილეობის განაცხადების შეტანის ვადა იწურება. მმართველი პარტია საკუთარი კანდიდატის წარდგენას არ აპირებს. კობახიძის განმარტებით, პარტიის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტის პოსტი ისეთი ღირებული აღარ არის.