თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. 2018 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, დანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 124 —ს მიაღწია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
2017 წლის განმავლობაში დანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 76-ს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის პირველ ექვს თვეში თავშესაფრის მხოლოდ 14 მაძიებელი დაფიქსირდა.
დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის განცხადებით, დანიის მკაცრი საიმიგრაციო რეჟიმის გათვალისწინებით, იმის ალბათობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი მისცენ, ფაქტობრივად, ნულის ტოლია.
„დანიას მკაფიო პოზიცია გააჩნია ქვეყანაში მიგრანტთა ახალი ნაკადის შემოსვლასთან დაკავშირებით. ამიტომაც, კოპენჰაგენი საკმაოდ მკაცრი ზომებით ებრძვის არალეგალურ მიგრაციას და ცდილობს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას. გამკაცრდა და სკრუპულოზური გახდა აპლიკაციების შემოწმების პროცესი. შედეგად 2018 წელს, თავშესაფრის მაძიებელთათვის დაკმაყოფილებულ აპლიკაციათა რაოდენობამ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში“, — ნათქვამია დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საელჩოს ინფორმაციით, დანიის სახალხო პარტია, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მესამე პოლიტიკური ძალაა და მმართველი კოალიციის მოკავშირეა პარლამენტში, მიღწეულ შედეგებს არ ჯერდება და ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების მოთხოვნით გამოდის.
„კიდევ უფრო მკაცრია დანიელი „ახალი კონსერვატორების” პოზიცია, რომლებიც მომავალ არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ქვეყნის პრემიერს შემდეგ მოთხოვნებს უყენებენ: 1. ნული თავშესაფრის მაძიებელი ქვეყანაში; 2. ყველა უცხოელი კრიმინალის დაუყოვნებლივი დეპორტაცია; 3. მხოლოდ თვითკმარი მიგრანტების შემოშვება ქვეყანაში,“ — აღნიშნულია განცხადებაში.
მიგრაცია საქართველოს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ერთის მხრივ, მოსახლეობა მცირდება, ხოლო დაბალი შობადობის პირობებში ეს საკმაოდ საგანგაშო ფაქტორია, მეორეს მხრივ ევროკავშირის ქვეყნებთან ნანატრი უვიზო რეჟიმი საფრთხეში შეიძლება აღმოჩნდეს.
„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო 23 წლის განმავლობაში საქართველო 1 მილიონ 260,7 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე საცხოვრებლად ჩამოვიდა. 1994 წელს საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 4,9 მილიონ ადამიანს აღემატებოდა, 2018 წელს კი ქვეყანაში მხოლოდ 3,7 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს.
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180-დან 90 დღე) უფლება მოიპოვეს.
უვიზო რეჟიმის არასასიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და ისლანდიამ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარკ ჰულსტმა ბოლო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ყველაზე მეტი მაძიებელი გერმანიაში აღმოჩნდა — 2018 წელს დაახლოებით 2500 ადამიანი. აქედან მიზანს მხოლოდ 1%-მა მიაღწია. შვედეთში თავშესაფარი საქართველოს 490-მა მოქალაქემ მოითხოვა, ბელგიაში — 471-მა.