ანაკლიაში ფესტივალ Echowaves-ზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 16 ადამიანს დასჭირდა

გუშინ დილით ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაში გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან (Echowaves) სასწრაფო დახმარების ჯგუფს გუშინ და დღეს 16-მა ადამიანმა მიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ანაკლიაში 23 აგვისტოს ახალი მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი დაიწყო, რომელიც 26 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება.

EchoWaves-ზე ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ირანის კიდევ სამი მოქალაქე დააკავეს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს ფესტივალიდან 5 ახალგაზრდა შეიყვანეს. მათგან ორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების განცხადებით,  პაციენტებს სავარაუდოდ ალკოჰოლური და გაურკვეველი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებათ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.  

გუშინ  დილით კი ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სპეციალური ექსპერტიზა ჩატარდება. ექიმის ცნობით, გარდაცვლილ კაცს უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.

ფესტივალზე მობილიზებულია  სამი სამედიცინო პუნქტი, სასწრაფო დახმარების ხუთი ეკიპაჟი, ხუთი პირველადი სამედიცინო დახმარების ქვეითი ჯგუფი და ორი რეანომობილი. ფესტივალის გახსნამდე ორგანიზატორები პირობას დებდნენ, რომ უსაფრთხოების ზომები ფესტივალზე მაქსიმალურად იქნება დაცული.

ტრაგედია ანაკლიაში: Echowaves-ის ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს

სამართალდამცველებმა ფესტივალზე  7 პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, მათ შორის ხუთი ირანის მოქალაქეა.

მანამდე ანაკლიაში სკანდალურად ცნობილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ი ტარდებოდა. გასულ წელს ზუგდიდის საავადმყოფოში ფესტივალის 22 წლის მონაწილე გოგონა დაიღუპა. სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკული ინტოქსიკაცია დასახელდა.