თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აჭარაში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტების განსახორციელებლად გერმანიის მთავრობა შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით 40 მილიონ ევროს, ხოლო 3 მილიონ ევროს გრანტის სახით გამოყოფს, იუწყება საზოგადოერბრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებები 24 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება.
ხელშეკრულებებს ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ოლაფ ციმელკა.
თანხა ხულოს, ქედას და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განვითარების პარტნიორია. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება.