ავტობიზნესი ახალი ბარიერების წინაშე

ძველი და ახალი რეგულაციები ბიზნესისა და მომხმარებლის წინააღმდეგ
Sputnik

ერთ დროს საქართველოს ნომერ პირველ საექსპორტო პროდუქციას – მეორად ავტომობილებს ახალ-ახალ რეგულაციებს ხშირად უწესებენ. ჯერ მეზობელმა ქვეყნებმა შემოიღეს შეზღუდვები, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამაც არ დააკლო და ავტომობილების განბაჟების ტარიფები მნიშვნელოვნად გააძვირა – მარჯვენასაჭიანების განბაჟება სულაც სამჯერ ძვირი გახდა. წელს აზერბაიჯანსა და სომხეთში ახალი შეზღუდვებიც დაუმატეს და, შედეგად, ავტობიზნესში ჩართულ ადამიანებს საქმე გაურთულდათ როგორც საგარეო, ასევე შიდა ბაზარზე.

თუმცა, ქართველმა კანონმდებლებმა ადგილობრივი ბაზრისთვის გარკვეული „შანსი“ მაინც დატოვეს: შეღავათია ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების განბაჟებისას, ელექტრომობილებზე საერთოდ ნულოვანი განბაჟებაა. იმპორტიორებიც ძირითადად ასეთი ავტომობილების შემოტანაზე გადაეწყვნენ.

არის თუ არა საქართველოში საწვავი ზედმეტად ძვირი

ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა იზრდება

2017 წელს საქართველოში განბაჟებული მანქანებიდან ყოველი მეოთხე ჰიბრიდია. შსს-ს მონაცემით, შარშან სულ 16 615 ჰიბრიდი განაბაჟეს, საიდანაც 13 296 ერთეული იყო „ტოიოტა“. მეორე ადგილზეა „ლექსუსი“ 889 ავტომობილით (თუმცა, „ლექსუსიც“ „ტოიოტას“ სუბბრენდია, რომელიც იაპონურმა გიგანტმა სპეციალურად ამერიკული ბაზრისთვის შექმნა). მესამე ადგილზეა „მიცუბიში“ 90 ავტომობილით.

ჰიბრიდული მანქანების იმპორტი მნიშვნელოვნად წაახალისა აქციზის გადასახადში ცვლილებამ, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა: 6 წლამდე ასაკის ჰიბრიდებზე აქციზი 60%-ით შემცირდა. სხვა ტიპის ავტომობილების (ელექტრომობილების გარდა) განბაჟება კი საკმაოდ გაძვირდა.

იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდების რაოდენობა კიდევ მოიმატებს. თუმცა, მათი აზრით, სჯობდა მინიმუმ 10 წლამდე ასაკის ავტომობილებზე შემცირებულიყო აქციზი, რადგან საქართველოში ძირითადად ამ ასაკის მანქანებზეა მოთხოვნა.

რა ზარალი მოიტანა მეტროპოლიტენის გაჩერებამ

მორიგი შეზღუდვები რეექსპორტისთვის

ავტომობილების რეექსპორტმა ბოლო წლებში საგრძნობლად დაიკლო. 2014 წელს მისი მოცულობა $517 მლნ იყო, 2015 წელს $179 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი $166 მლნ-მდე ჩამოვიდა. ვითარება შედარებით გამოსწორდა შარშან, როდესაც საქართველოდან გატანილი მანქანების საერთო ღირებულებამ $234 მლნ-ს გადააჭარბა.

აღმოჩნდა, რომ ზრდა დაკავშირებულია ორ ქვეყანასთან – სომხეთთან და უკრაინასთან. 2017 წელს ექსპორტზე გატანილი ყოველი მეორე მანქანა სომხეთში გავიდა, ხოლო ყოველი მეხუთე – უკრაინაში.

შარშანდელი ზრდის მიუხედავად, სპეციალისტები აცხადებენ, რომ რეგიონის ქვეყნებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა და რეექსპორტი ისევ დაიკლებს. „ეკო-ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ 2018 წელს ავტოდილერები კრიზისში აღმოჩნდებიან, რადგან მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდება. მისი თქმით, აზერბაიჯანში 2018 წლის 1 იანვრიდან მნიშვნელოვნად გაძვირდა განბაჟების ტარიფი. იგივე პოლიტიკა გაატარეს სომხეთშიც და ამ ქვეყანაში იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის მოსაკრებელი გაიზარდა. სომხეთში აგრეთვე 1 აპრილიდან აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა. ეს ყველაფერი წინასწარ გახდა ცნობილი ავტოიმპორტიორი კომპანიებისა და იმ დილერებისთვის, რომლებიც მეზობელი ქვეყნების ბაზარზე ჰყიდიან ავტომობილებს. ამიტომ წინასწარ დიდი ოდენობით ავტომობილები შეიძინეს, რათა ძველი ტარიფით განბაჟება მოესწროთ. რეექსპორტის მაჩვენებელიც ამიტომ იყო გაზრდილი. ახლა კი ეს მაჩვენებელი ისევ დაიკლებს.

რამდენად ძვირია კრედიტი საქართველოში

საბანკო სესხების შეზღუდვა – კიდევ ერთი ბარიერი

7 მაისიდან მთავრობამ ბანკებს აუკრძალა დაუდასტურებელი შემოსავლის გარეშე სესხის გაცემა. ადამიანს თუ ხელფასი არ ერიცხება სტაბილურად, თუნდაც დიდი შემოსავლის მქონე იყოს, აღარც სესხს აძლევენ და აღარც განვადებით მიჰყიდიან რაიმე ნივთს. ამის გამო საბანკო რეგულაციის ამოქმედებიდან უკვე ერთ თვეში ავტობიზნესმაც საგრძნობი დარტყმა მიიღო.

როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს, იმპორტიორები ადასტურებენ, რომ მაღალფასიანი ავტომობილები იშვიათად იყიდება და თუ ვინმე შეიძენს, ისიც მეზობელ ქვეყნებში მიაქვთ. იმპორტიორმა ირაკლი ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მოთხოვნა გაიზარდა დაბალ- და საშუალოფასიან ავტომობილებზე, ძვირადღირებულ მანქანებს კი აღარც კითხულობენ.

სესხის აღების გართულებამ საქმე გაურთულა ავტომობილების შეძენის მსურველებსაც. ვისაც სრული თანხა არ აქვს და დასამატებლად ბანკიდან უნდა აეღო სესხი, აკრძალვის გამო ამას ვეღარ ახერხებს. შედეგად, ან საერთოდ უარის თქმა უწევთ ავტომობილის ყიდვაზე, ან გაცილებით დაბალფასიანი უნდა შეიძინონ – რა თანხასაც სესხის აღების გარეშე შეუძლიათ მოუყარონ თავი.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები: ხელისუფლების მიზანი – ალთას, მიღებული შედეგი – ბალთას

რეგულაციები კიდევ იქნება

ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკვე მოასწრო და ხალხს აუწყა, რომ განბაჟების გადასახადი გაიზრდება მაღალი კუბატურის მქონე ავტომობილებისთვის. შედეგად კი საქართველოში მეტი ჰიბრიდული მანქანა და ელექტოავტომობილი შემოვა.

ამას გარდა, მისი თქმით, შემოტანილი მსუბუქი ავტომობილების 90%-ს არ აქვს გამართული ე.წ. კატალიზატორის სისტემა. ბახტაძე ამბობს, რომ ასეთი მანქანა ტექნიკურად გაუმართავია, ასევე ეკოლოგიაზეც ცუდად მოქმედებს. პრემიერის განცხადებით, ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვრული ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. საქართველო ახალ სტანდარტზე მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან გადავა.

ასე რომ, როგორც ავტოდილერებს, ასევე მანქანის პატრონებსა და ავტომობილის შეძენის მსურველებს ხელისუფლება ახალ რეგულაციებს უმატებს. რეალურად კი ხელისუფლებისთვის რეგულაციების მიზანი ეკოლოგიაზე ზრუნვაა თუ ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზება, ეს მკითხველმა თავად გადაწყვიტოს.

 

თემურ იოსელიანი