თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. 14 აგვისტოს გაუჩინარებული, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის Pantelena IMO 9321469-ის და 17 ქართველი მეზღვაურის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა განცხადება გააკეთა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კონსტანტინიდის განცხადებით, მეკობრეების მიერ გემის გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა არცერთ ვერსიას არ გამორიცხავენ.
„ამ წუთისთვის რაიმე ვერსიაზე საუბარი გაგვიჭირდება, ვინაიდან არ გვაქვს დადასტურებული მონაცემები არსებული ვითარების შესახებ და ყოველ წუთს ველოდებით განახლებულ ინფორმაციას, რის შემდეგაც უკვე ცნობილი გახდება მიზეზები, ადგილსამყოფელი და მოვლენების სავარაუდო განვითარება. მეკობრეების მიერ გემის გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ. იცით რომ ეს არის აფრიკის რეგიონი და ასეთი შემთხვევები ფიქსირდება“, — განაცხადა კონსტანტინიდმა.
სამძებრო სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანიაა Lotus Shipping-ი აწარმოებს.
კონსტანტინიდის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია არის საკმაოდ გამოცდილი და სოლიდური კომპანია. მათ მსგავსი შემთხვევები ჰქონიათ და ჰყავთ კრიზისული მენეჯმენტის საკმაოდ სერიოზული ჯგუფი. ისინი მზად არიან ნებისმიერი ვერსიის განსახილველად.
„ყველა რეგიონს აქვს თავისი ოპტიმალური ვადა. როგორც წესი, ასეთი საკითხების საბოლოოდ გარკვევას მაქსიმუმ 20 დღე სჭირდება, რის შემდეგაც ხდება ხოლმე ასე ვთქვათ განგაშის რეჟიმის ჩართვა, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამხელა დრო ამ საკითხის გარკვევას არ დასჭირდება და უფრო მალე მოხდება ინფორმაციის მიღება“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.
კომპანია „იალქანში“, რომელმაც ქართველი მეზღვაურები სამუშაოდ გაუშვა, დაკარგული გემის შესახებ ახალ ინფორმაციას არ ფლობს და საერთაშორისო ექსპერტებზე დაყრდნობით მეკობრეების მიერ გატაცების ვერსიაზე საუბრობს.
„ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რა მოხდა, მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გემი შესაძლოა, მეკობრეებმა გაიტაცეს, რადგან დასავლეთ აფრიკაში დიზელის საწვავი ძვირად ფასობს, ხშირია მეკობრეების თავდასხმის შემთხვევები. მინდა, აღვნიშნო, რომ საუბარი არ არის სომალელ მეკობრეებზე. გემი “პანტელინა“, რომელთანაც კავშირი დავკარგეთ, მიემგზავრებოდა დასავლეთ აფრიკის გაბონის რესპუბლიკაში“, – განაცხადა “იალქანის მენეჯერმა, ანჟელა ოგანესიანმა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა, კონტაქტზე ბოლოს აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში 14 აგვისტოს გამოვიდა. ბორტზე 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება.