ჯაფარიძე: „გირჩი“ იქნება საარჩევნო ბიულეტენში და მეც დავრჩები ზურად

„გირჩს“ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის უფლებას ცესკო-ს ახალი დადგენილება აძლევს.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე („ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“) სახელს აღარ შეიცვლის, რადგან პარტია „გირჩი“ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენას შეძლებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნაბიჯი პრეზიდენტობისკენ: ზურაბიშვილი ცესკოში მივიდა

საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის უფლებას „გირჩს“ ცესკო-ს ახალი დადგენილება აძლევს.

კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში  თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკო-ში წინა საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია.

პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი სახელის ცვლილებას გეგმავდა, რათა პარტიის კანდიდატი ბიულეტენში „ზურაბ გირჩი ჯაფარიძედ“ ყოფილიყო წარმოდგენილი. ჯაფარიძე განმარტავდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ იქნება გირჩი / Girchi-ს კანდიდატი, რადგან პარტიას არ ჰქონდა კანდიდატის დაყენების უფლება, თუ წინა არჩევნებზე რეგისტრირებული არ იყო.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 - ოპოზიციის ახალი ალიანსი

„ცესკო-მ, გირჩსაც შეუძლია კანდიდატის წამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებშიო. დღეს დაადგინა. მადლობა, რომ იდიოტურ წესებს არ აჰყვა და საღი აზრის ფარგლებში იმოქმედა. ასე რომ „გირჩი“ იქნება საარჩევნო ბიულეტენში. როგორც დაგპირდით და მეც დავრჩები ზურად“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: 11 პარტიის კანდიდატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „მშენებლობის მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, პარტია „გირჩის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, მოძრაობის „ქართული მარში“ ერთ–ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ დროისათვის ცესკოში 19 საპრეზიდენტო კანდიდატია დარეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.