თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მდინარე რიონის ხეობის მცხოვრებლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და ტვიშიჰესის და ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჰესების მშენებლობას არ დავუშვებთ“, – აცხადებს მოსახლეობა.
ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ პროექტების განხორციელება გარემოზე ზემოქმედების გეგმის გარეშე დაიგეგმა და ის სოფლებში მიკროკლიმატს შეცვლის. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ჰესების მშენებლობის შედეგად ხეობაში მეწყრული პროცესებიც გააქტიურდება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
ჰესების მშენებლობის შემთხვევაში ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების 16 სოფელი წყლით დაფარება.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყლით დაიფარება ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორიაც. ასევე განადგურდება უნიკალური ყურძნის ჯიში – ლეჩხუმური ცოლიკაური, რომელიც ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყაროა.
დამბის დანგრევა ლაოსში: მსხვერპლი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაკარგული >>
ტელეკომპანიის ცნობით, ჰესების მშენებლობა 2019 წელს უნდა დაიწყოს. პროექტის მიხედვით, ჰესების მშენებლობაში 750 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
კომპანია Clean Energy Group Georgia-ს სოფელ ტვიშში საინფორმაციო ცენტრი აქვს განთავსებული, თუმცა კომპანიის თანამშრომლები სოფელში არ გამოჩენილან. თავად კომპანიაში მოსახლეობის აქციაზე კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ.