ლარის ახალი „სტარტი“ და საზაფხულო „ამბიციები“...

რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა, რა ნიშნულზე დაფიქსირდება ლარი მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს და როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყნის სავალუტო ბაზარზე?
Sputnik

მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურამ საგრძნობლად იკლო და დასიცხულმა მოქალაქეებმა შვებით ამოისუნთქეს… თუმცა ახალმა საფიქრალმა და საზრუნავმაც არ დააყოვნა. უხვად მოვიდა ნალექი, სტიქიამ კახეთს, გურიასა და აჭარას შეუტია. მოსახლეობა წყალდიდობას ებრძვის… არის მსხვერპლი, ზარალს ითვლიან. ამასობაში პოლიტიკური ტემპერატურა თანდათან მატულობს… პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა ძალას იკრებს, საარჩევნო მარათონში „ვარსკვლავების“ ცვენაა. ქვეყნის პირველი მოსამართლე ჯანმრთელობას უჩივის და თანამდებობას ტოვებს… დრო იარებს არ აშუშებს და საზოგადოება 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს პატივს მიაგებს… ასეთია მარიამობისთვის პირველი დეკადის ძირითად მოვლენათა მოკლე ჩამონათვალი. თუმცა რა თქმა უნდა, სიახლეები სხვაც ბევრი იყო, მათ შორის ვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ვისთვისაც ნაკლებად საყურადღებო.

„დუეტი“ „დუეტის“ წინააღმდეგ?!... ანუ შედგება თუ არა „ტრიო“?!...

ასეა თუ ისეა, უკვე ფაქტია, რომ დროის ეს პერიოდი ეროვნული ვალუტისთვის წარუმატებელი გამოდგა. ლარმა ჯერ კიდევ 5 აგვისტოს დაღმასვლა დაიწყო და სამუშაო კვირის ბოლოს უკვე შვიდი პუნქტით გაუფასურდა… ქართული საფინანსო სისტემის სიამაყეს, უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, პოზიციების დათმობის ისტორიულ „სარეკორდო“ მაჩვენებლამდე ბევრი უკლია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. დროულად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს ლარის მორიგი რყევის გამომწვევი მიზეზები…

საფინანსო სექტორის სპეციალისტებისა და ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, ლარის გაუფასურებაზე ძირითადი გავლენა საგარეო ეკონომიკურმა ფაქტორებმა, კერძოდ კი რუსული რუბლისა და თურქული ლირას გაუფასურებამ იქონია.

უკონკურენტოდ დარჩენილი კომერციული ბანკები და კრედიტის ფასი...

ეკონომისტი აკაკი ცომაია: „ამერიკის შეერთებული შტატების მორიგმა სანქციებმა და თურქეთის ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ შეაშინა ინვესტორები თურქეთში. დაიწყეს ლირას მასიური გაყიდვა. პარალელურად, ინვესტორები შეშინდნენ რუსეთშიც და მათ დაიწყეს რუბლის მასიური გაყიდვა. ლირას და რუბლის გაუფასურებამ შეაშინა ინვესტორები საქართველოში და დაიწყეს ლარის მასიური გაყიდვა. კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ეროვნული ბანკი, როცა მაისის თვეში ეკონომიკური ზრდით აღტკინებული, სამეზობლოში არსებულ ახალ რეალობას არ ითვალისწინებს და მონეტარულ პოლიტიკას არბილებს…“

ანალიტიკოსების შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ე.წ სავაჭრო ომი თურქეთთან და რუსეთთან საქართველოს ეკონომიკას და საფინანსო სისტემას დააზარალებს. ორივე ეს ქვეყანა საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. თუ არაფერი შეიცვალა კიდევ უფრო გაიაფდება თურქული და რუსული პროდუქცია და გაიზრდება მათი იმპორტი საქართველოში, ხოლო, ამ ქვეყნებში ქართული საექსპორტი პროდუქცია გაძვირდება და ნაკლებად კონკურეტუნარიანი გახდება. გარდა ამისა, გაუარესდება ამ ქვეყნებში სამუშაოდ მყოფ ქართველთა მდგომარეობა და ისინი, ალბათ, ვეღარ შეძლებენ საქართველოში თანხების არა თუ მეტი, არამედ იმავე ოდენობით გადმორიცხვას. შემცირდება ფულადი გზავნილები, რაც აუცილებლად ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე. ეროვნული ვალუტის გაუფასურება კი სოციალურ პრობლემებს კიდევ უფრო გააუარესებს საქართველოში.

ამოიყვანს თუ არა ვალების უფსკრულიდან „შავ სიაში" მოქცეულ მოსახლეობას ახალი პრემიერი

ფინანსისტების უმრავლესობა არ უარყოფს, რომ თურქული ლირას მკვეთრი გაუფასურება, ზემოქმედებს სავაჭრო ტრანსაქციებზე, მაგრამ აქვე, აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურება არ გამომდინარეობს გრძელვადიანი ანუ ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან…

ფინანსისტი, საბანკო სისტემის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე: „არაკონვერტირებული ვალუტის ქვეყნებში, მცირე მოცულობის ბაზრებს ახასიათებს ნაკლებ პროგნოზირებული მოლოდინებისა და მკვეთრი სავალუტო რყევების ამპლიტუდა, რის გამოც სავალუტო კურსი სათანადოდ ვერ გამოიყენება ბუფერად. მიმაჩნია, რომ ლარის გაუფასურება სეზონურ ფაქტორებს და საგარეო ვალის მომსახურებას უფრო უკავშირდება და არა რაიმე წმინდა ეკონომიკურ ან სპეკულაციურ ფაქტორს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. როდესაც გაუფასურების არანაირი, პირველ რიგში, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი არ მოქმედებს, კურსი მალე უბრუნდება წონასწორობის ნიშნულს. გაცვლითი კურსი აშკარად გასცდა იმ ნიშნულს, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები შეიძლება განაპირობებდეს. დღეს ანალოგიური სიტუაციაა და შესაბამისად უახლოეს მომავალში
კურსის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ…“

ეროვნული ვალუტის მომავლისადმი ოპტიმისტურად განწყობილი ექსპერტების შეფასებებით, ლარის ამერიკულ დოლართან მიმართებაში გაუფასურება დროებითია, რადგან ეს პროცესი არ მომდინარეობს არც მაკროფაქტორების რაიმე სერიოზული ცვლილებებიდან და არც წმინდა სავალუტო ნაკადების დისბალანსიდან. აქ იგულისხმება უცხოური ინვესტიციები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილები, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა. ლარის კურსის დაცემა არ მომდინარეობს, მათ შორის, არც  გლობალური საგარეო ფაქტორებიდან… რაც შეეხება თურქული ლირას გაუფასურებას, ეს პროცესი საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოზე ნაკლებად იქონიებს გავლენას, ვინაიდან თურქეთში ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია, ხოლო საქართველოში დაბალია და რაც მთავარია  ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან არის შესაბამისობაში.

მევახშეობის „გედის სიმღერა“...

არსებობს სხვა მოსაზრებებიც. სპეციალისტების და ანალიტიკოსების ნაწილი, ბოლო დღეებში, ლარის გაუფასურებას საფინანსო ბაზარზე არსებულ სპეკულაციურ ტენდენციებს უკავშირებს და არა რეგიონში მიმდინარე საფინანსო-ეკონომიკურ პროცესებს…

ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე: „ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს. კერძოდ, ბოლო დროს ქვეყანაში ექსპორტი არ გაზდილა, არ შემოდის ინვესტიციები, იკლო კაპიტალდაბანდებებმა, შესაბამისად, ეს არის ლარის გაუფასურების მიზეზი… ბოლო დღეებში, ლარი 10 პუნქტით გაუფასურდა. ეს არის დასაწყისი იმ გაუფასურების პროცესისა, რომელიც წინა წელსაც გვქონდა და სეზონურია. შესაბამისად, უახლოს მომავალში კიდევ უფრო გაუფასურებას უნდა ველოდოთ… ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება. სექტორიდან შემოსავლები დაიკლებს, რაც რამდენიმე თვეში, ლარის კურსზე, უკვე ნეგატიურად აიასახება. მოლოდინი იმის, რომ გაუფასურებისგან ეროვნულ ვალუტას ტურიზმი დაიცავს, არასწორია!…“

კიიიდო?!. ანუ რა სარგებლობა მოაქვს ეროვნულ ბანკს

რეგიონის ქვეყნებში ეროვნულ ვალუტათა გაუფასურებას, ანალიტიკოსთა ნაწილი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებას უკავშირებს…

ფინანსისტი გიორგი ღაღანიძე: „როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებულობს, მაშინ ამერიკული დოლარი მყარდება. ასეა ახლაც. თუ უახლოეს მომავალში, ნავთობზე ფასი დაიწევს, ქართული ლარის, თურქული ლირას და რუსული რუბლის გაუფასურება გარდაუვალია, თუმცა მოვლენათა ამ სცენარით განვითარებას გამოვრიცხავ…“
რა ნიშნულზე დაფიქსირდება ეროვნული ვალუტა მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს, როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყნის სავალუტო ბაზარზე დრო გვიჩვენებს… მანამდე კი ვთქვათ, რომ ლარმა უბრალოდ აიღო „სტარტი“…