მამუკა ბახტაძემ მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს უმასპინძლა

თბილისში მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი ლიეტუვის და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურ ვახშამზე პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და უკრაინის ვიცე-პრემიერს უმასპინძლა, რომლებიც 2008 წლის ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრნენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის მეთაურმა მათ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა კიდევ ერთი გამოხატულებაა.

რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოს ხელისუფლებას „სავიზო საქმოსნების“ დასჯას სთხოვს

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – "მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ". ასევე, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მიმართავენ.

2008 წლის ომის 10 წლისთავზე თბილისში მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი ლიეტუვის და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

2008 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში მასშტაბური სამხედრო შეტაკება დაიწყო. რუსეთმა ეს შეაფასა როგორც აგრესიის აქტი, გამოაცხადა მშვიდობის იძულების ოპერაციის შესახებ, ჯარი ორი მიმართულებით შემოიყვანა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება კონტროლქვეშ აიყვანა.

საქართველოს მომავალი პრემიერი ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა

საერთაშორისო თანამეგობრობის და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 12 აგვისტოს მიიღეს ე.წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება. დოკუმენტზე ხელმოწერის შედეგად შეწყდა საომარი მოქმედებები და რუსეთმა სამხედრო ნაწილების გაყვანა დაიწყო ე.წ. ბუფერული ზონებიდან.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, საკანონმდებლო დონეზე ოკუპირებულად გამოაცხადა.