თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების საქმის ფარგლებში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს პატიმრობა შეუფარდა, იტყობინება „პირველი არხი".
სუს-მა ტერორიზმში დახმარების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა >>
თოხოსაშვილი შაბათს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორშაბათს გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას ამოიღეს მეხსიერების ბარათები, დროშები და „ისლამური სახელმწიფოს“ სხვა ატრიბუტიკა.
„ისეთი ბრალდებები მოვისმინე, მე თვითონაც ბევრი რამე მიკვირს. დაფარული ნომრითაც არასდროს დამირეკია. ვმუშაობ, საერთოდ არ ვჩანვარ ხოლმე… თავს დავდებ, რომ ჩემზე ცუდს ვერავინ იტყვის, მალე 38 წელი მისრულდება. გამოკითხვის შედეგად, თუ ვინმე ოდესმე საეჭვოდ დამახასიათებს, გავიზიარებ თქვენს ბრალდებას. ისეთი ცხოვრების წესი მაქვს, რომ მსგავსი გამორიცხულია“, — განაცხადა ტოხოსაშვილმა სასამართლო მოსმენაზე.
პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ტოხოსაშვილს ბრალდება დაუმძიმდეს.
„ბრალდებულს დღეის მდგომარეობით წარდგენილი აქვს ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ეს გახლავთ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა. გარდა ამისა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სხვა მიმართულებით მიმდინარეობს, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მისი დახმარების ფაქტზე. შესაბამისად, მომავალში იმის მიხედვით, თუ რას დაადგენს გამოძიება, არ არის გამორიცხული, რომ მას ბრალი დაუმძიმდეს. თუმცა, ამ ეტაპზე, წარდგენილი აქვს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“, – განაცხადა პროკურორმა, ნანა ხუნჯუამ.
„ტელეკომპანია „რუსთავი 2" ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ტოხოსაშვილს უპოვეს სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი ხუთი საბრძოლო ვაზნა, ასევე ხელყუმბარის დეტალები. სპეცსამსახურები ტოხოსაშვილით ჯერ კიდევ 2016 წელს დაინტერესდნენ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უწყობს და მხარს უჭერს „ისლამურ სახელმწიფოს".
„აღმოჩენილი ვაზნები ნაპოვნია იმ სამუშაო ოთახში, სადაც ის მუშაობდა. თვითონ არ ამბობს, რომ აღმოჩენილი ვაზნები მისი საკუთრებაა. არც ის იცის, ვისია", — განაცხადა ტოხოსაშვილის ადვოკატმა კახა ყავლაშვილმა.
ტერორიზმის საქმე — ექვსივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს >>
ადვოკატმა ტოხოსაშვილის გირაოთი გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა შეიტანა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
Rustavi2-მა ასევე დაადგინა, რომ ტოხოსაშვილი წყნეთში ერთ-ერთ სახლში დააკავეს, სადაც ის ქართველი ბიზნესმენის, მინდია საბანაძის დაცვის უფროსად მუშაობდა. თავად ტოხოსაშვილი მუხიანში ცხოვრობს.