ახალი შესაძლებლობა რეზერვისტებისთვის - ტესტირება დაწყებულია

ჩარიცხვის შემთხვევაში სამხედროებს ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. თელავში ტერიტორიული რეზერვის პირველ რეგისტრირებულებს ეროვნული გვარდიის  მე-20 კადრირებულ ბრიგადაში ფიზიკური მომზადების ტესტები ჩაუტარდათ, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი კოჯრის სამხედრო ბაზაზე: სერჟანტთა აკადემიის ხელმძღვანელობა გაათავისუფლეს

ტესტირება 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირებისთვისაა გათვლილი და მოიცავს: წოლბჯენიდან აზიდვას, პრესს და 3,2 ათას მეტრზე სირბილს. ფიზმომზადების ტესტების ჩაბარების შემდეგ რეზერვისტები ფსიქოლოგიურ ტესტს და სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ისინი რეზერვში პირველი ოქტომბრიდან ჩაირიცხებიან.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, მათ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. 

ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. მათ ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს, ხოლო სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ.