ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბას" ფინალისტები

საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაასახელებენ
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ქართულმა ლიტერატურულმა პრემია „საბა 2018"-მა დაასახელა ფინალისტების ვინაობა, რომლებიც სანუკვარი ქანდაკებისთვის იბრძოლებენ, ნათქვამია პრემიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ნომინაციაში „საუკეთესო რომანი" წარდგენილია გურამ ბათიაშვილის „ელიგულა და ხავა", მარი ბექაურის „ანას მომენტი", ლაშა ბუღაძის „პატარა ქვეყანა", დავით გაბუნიას „დაშლა" და თამარ თანდაშვილის „მატერიკონი".

ქართული თეატრები „დურუჯი 2018"-ის პრემიისთვის ბრძოლას იწყებენ>>>

წოდებისთვის "საუკეთესო პროზაული კრებული" იბრძოლებს ორი ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი — „პერსონალური ქრისტე" და ლევან მუსხელიშვილი — „მოკლე მოთხრობები".

კატეგორიაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული" წარდგენილია არიან: გიორგი არაბული — „გვრინი", სოსო მეშველიანი — Arboles Altos, ზურაბ რთველიაშვილი — „პოეზიის დიქტატურა", ბელა ჩეკურიშვილი — „სიშიშვლის დეტექტორი" და პაატა შამუგია — „დედა ენა".

ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" იბრძოლებენ საბა ლეკვეიშვილი დევიდ ლევიტანის თარგმანით „ნიკისა და ნორას უსასრულო ფლეიტისტი", გაბრიელ ტანიეს „ქანაანის შვილები" და ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები უშაქროდ".

საქართველომ „ოსკარის" პრემიისთვის ფილმის შერჩევა დაიწყო

კატეგორია „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა" წარმოადგენს სამ ფინალისტს: — სოსო მეშველიანი — „ქუნარეშ", ირმა ტაველიძე — „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები" და მარინე ქარცივაძე — Modus Vivendi.

წელს „საბა" განსაკუთრებული იქნება, რადგან დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში. წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

დაჯილდოების ცერემონია დაგეგმილია 12 ოქტომბერს ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზ Kaisersaal-ში. დაჯილდოების ცერემონიის ნახვა ტელეკომპანია „ტვ პირველის" პირდაპირ ეთერსა და ინტერნეტში, თიბისი ბანკისა და „საბას" ფეისბუქის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას" კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება.